დიმიტრი ქუმსიშვილი - Stadler-ის ფირმის მატარებლები ძალიან მაღალი კლასის არის

Stadler-ის ფირმის მატარებლები, რომელიც „საქართველოს რკინიგზამ“ შეიძინა, არის ძალიან მაღალი კლასის და ხარისხის და ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვქონია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ შემოჰყავთ საქართველოში ორსართულიანი მატარებლები, რომლისთვის როგორც სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოში“ აცხადებენ, არც ერთი გვირაბი არ არის მზად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი კითხვის დასმა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება.

ქუმსიშვილის განმარტებით, ტექნიკური შესაბამისობა „საქართველოს რკინიგზასთან“ არის სრულად შემოწმებული და მოლაპარკებები მათ შორის ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.

„შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში. ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები იყო განხორციელებული, მათ შორის წარმოდგენილი იყო დეტალური საბუთები და ამის მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული. უფრო მეტიც, ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს სადღაც 4- 5 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლებით და სხვებიც. როგორც გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ შედის? თქვენ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობთ? - მიმართა ქუმსიშვილმა ჟურნალისტს.

”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, რომ”საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები გვირაბში გავლას ვერ შეძლებენ და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს.მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას.