ხალხს უკვე ლარში აღებული სესხის გასტუმრებაც უჭირს

საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა და გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი არა მარტო უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში აღებული საბანკო კრედიტების მომსახურებას უკვე ვეღარ აუდის. სებ-ის მონაცემებით, მარტო 2016 წლის პირველ 5 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 83 მლნ ლარით გაიზარდა. თუ ადრე ვადაგადაცილებულ სესხებში ეროვნულ ვალუტაზე გაცემული კრედიტების წილი უმნიშვნელო იყო, დღეს ის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს ერთიორად აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 21,5%-ითაა გაზრდილი და 355,2 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 292 124 000 ლარს შეადგენდა, მაისის მონაცემებით კი ეს რაოდენობა 355 254 000-მდე გაიზარდა.

წინა წლისგან განსხვავებით, წელს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ლარში აღებულ კრედიტებზეც დაფიქსირდა. თუ 2015-ში მომხმარებელს უცხოურ ვალუტაში აღებული ვალდებულების გასტუმრება უჭირდა, წელს ეს პრობლემა უკვე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც აისახა.

2014-15 წლებში კი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მერე 35%-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევდა. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ სესხებშიც უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების დავალიანება ლარში აღებულ სესხებს რამდენჯერმე აღემატებოდა.

წელს კი სიტუაცია პირუკუ შებრუნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის იანვარ-მაისში ვადაგადაცილებული სესხები მთლიანად 63 მლნ ლარით, დაახლოებით, 21,5%-ით გაიზარდა. მაისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი იანვართან შედარებით 30%-ით არის მომატებული მაშინ, როცა უცხოურ ვალუტაში ეს მაჩვენებელი 14,7%-ს შეადგენს. იანვარში ლარში გაცემული სესხების დავალიანება 126,2 მლნ ლარს უტოლდებოდა, მაისში კი - 164,8 მლნ ლარს. იანვრის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი იყო 165,8 მლნ ლარი, მაისში კი - 190,3 მლნ.

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ხალხს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.

სოციოლოგი და ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ შარშან ლარის დევალვაციის გამო, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზრდებოდა და ეს აშკარა იყო. იმ ადამიანებს, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს, დევალვაციის შედეგად, მისი მომსახურება მნიშვნელოვნად გაეზარდა. ახლა ვადაგადაცილებულ სესხებში ლარში გაცემულ კრედიტებზე დავალიანების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა იღებს იმაზე მეტს, რისი გადახდაც შეუძლია.

"როცა ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა იზრდება, ნიშნავს, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და ვერ ვითარდება. შარშან ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა იყო სავალუტო კურსი და მოსახლეობას პრობლემა ამის გამო შეექმნა. ახლა ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკები ეწევიან მძარცველურ პოლიტიკას, თანაც ხალხი ვერ აცნობიერებს, ვერ გეგმავს მომავალს. მათ აქვთ დიდი იმედი, მოლოდინი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამას არ შეესაბამება.

კომერციული ბანკების გარდა, კიდევ უარესი მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. თუკი ბანკები "ჰალსტუხიანი მძარცველები" არიან, მიკროსაფინანსოები კი პირდაპირი ყაჩაღები არიან. როდესაც შავ სიაში 300 000 ჩანაწერია და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, ეს არის უკვე ეროვნული მასშტაბის პრობლემა და ამას მიხედვა სჭირდება", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, დარეგულირდეს, კომერციულმა ბანკმა ვის უნდა მისცეს სესხი და როდის, რა გარანტიით და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განუსაზღვროს მსესხებელს მკაფიოდ, თუ რამდენ პროცენტიან სესხს იღებს:

"დღეს თუ არ ხარ ეკონომისტი და არ ერკვევი საფინანსო ორგანიზაციის სასესხო პოლიტიკაში, რეალურ პროცენტს ვერ გამოითვლი. როგორც წესი, ის უფრო მაღალია, ვიდრე თავიდან გეუბნებიან ბანკში.

საერთოდ, ვადაგადაცილებული სესხები, კრედიტები და ა. შ. დაკავშირებულია სისტემურ პრობლემასთან. ჩვენთან, სადაც თამაშის წესები არ არის მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრული, არ არის დასახული კონკრეტული მიზნები, ამოცანები და განვითარების სტრატეგია, ყოველთვის იქნება ასეთი რთული სიტუაცია", - დასძინა კაპანაძემ.

ეკონომისტი ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ სავალუტო კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება, ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

"ეროვნული ვალუტა მოულოდნელად ხან გამყარდება, ხან უფასრუდება. ეს ქმნის არასტაბილურ გარემოს და ხალხმა არ იცის, რა გააკეთოს. ყველას შიში აქვს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა, ამიტომ მნიშვნელოვნად ამცირებენ მოხმარებას. ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა.

გაუარესებულია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან არასტაბილური ვალუტის პირობებში, მათ გაეზარდათ ხარჯი, შემოსავალი კი უცვლელი დარჩა. მომატებული ხარჯის გამო მათ სასესხო დავალიანების გასტუმრება ძალიან უჭირთ", - განაცხადა კანდელაკმა და აქვე დასძინა, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა არა მარტო ქვეყნის ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებზე, არამედ საბანკო სექტორზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება, თუ იქმნება, მინიმალური ოდენობით, ეკონომიკის რეალური სექტორი არ ვითარდება, ლარი ზემოთ და ქვემოთ დახტის, ეკონომიკა არ იზრდება, საფრთხე იმისა, რომ ვადაგადაცილებული სესხები კიდევ გაიზარდოს და ქვეყანაში სოციალური ფონი უფრო გაუარესდეს, რეალურად არსებობს. შედეგად კი ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი, კიდევ უფრო გაუარესდება და მოსახლეობაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა, სოციალური დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს.

სპეციალისტების აზრით, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა, ანუ მათ, ვისაც საშუალო ფენა ჰქვია, სერიოზული დარტყმა მიიღო, გაიზრდება პოლარიზაციაც. იმისათვის, რომ წნეხი შემსუბუქდეს, აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, მაგალითად, შეიმუშავოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია. ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"