"დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლების მომსახურება - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ

რა არის საჭირო, პოლიტიკური პარტია რომ შექმნა? თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი, ხართ საქართველოს მოქალაქე, სარგებლობთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით და გაქვთ სურვილი, დააარსოთ პოლიტიკური პარტია, ამ ქვეყანაში გზა ხსნილი გაქვთ. პარტიის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფით, წინასწარი ნებართვის გარეშე, ატარებთ დამფუძნებელ ყრილობას. პარტიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხდება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 236 პოლიტიკური პარტია. 16.06.2016 ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების "ახალი" რეგისტრაციის თარიღია. ამ ცინცხალი პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლემონჯავა გახლავთ.

პარტიების საკმაოდ გრძელ ჩამონათვალში შეხვდებით პროგრესისტულთა, ხალხთა მეგობრობის, ვეტერანთა, სპორტსმენთა, ინტელექტუალთა, ტრანსპორტელთა, ჰუმანისტთა და უმუშევართა პარტიებს. არსებობს ღარიბთა დაცვის გაერთიანება დავით ზეიკიძის თავმჯდომარეობით. ჩვენს ჭრელ პოლიტიკურ პალიტრაზე ფერებიდან მხოლოდ "თეთრები" და "ყვითლები", მცენარეებიდან ვაზია ნახსენები. ყველაზე პოპულარული სიტყვებია: "საქართველო", "დემოკრატია", "ქრისტიანული".

კანონში წერია, რომ პარტიის შექმნის და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. მოქალაქე უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. პარტიაში გაწევრება და გასვლა ნებაყოფილობითია. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, ენის, სქესის, კანის ფერის და რელიგიის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ ხუმრობას "პოლიტიკურ პარტია უნდა შევქმნა". რატომ მოხდა ამ თემის გაშარჟება 4-მილიონიან ქვეყანაში 236 პარტიის არსებობის შემდეგ, საკითხავი აღარ არის. სამაგიეროდ, შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რომ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით ევროპაში პირველობას არავის ვუთმობთ.

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას პირდაპირ იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი.

დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 11 პოლიტიკური პარტია იღებს. ეს პარტიები და მათთვის გამოყოფილი თანხა (ცსკ-ის მონაცემებით) შემდეგნაირად ნაწილდება.

ყველა პარტია ყოველი წლის 1-ელ თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი და გასავალი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების შემოსავალი და ლიდერთა ხელფასები, ქვეყანაში, სადაც 160-ლარიანი პენსია გაიცემა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 160 ლარი და 60 თეთრია, სადაც მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, შთამბეჭდავად გამოიყურება.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ:

პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" შემოსავალი ფულადი სახით 185.088 ლარია. საბიუჯეტო დაფინანსება 160.611 ლარს შეადგენს. ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 180.338 ლარია. პარტიას არ აქვს საწევრო შენატანები და შემოწირულობები. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებს. ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ხელფასი 16.500 ლარია. ირაკლი ტყემალაძე (სპეციალისტი) 14. 000 ლარს იღებს, ხოლო აპარატის უფროსი მარინე წულუკიძე - 13.750 ლარს. დამლაგებლის შრომითი ანაზღაურება 750 ლარია. პარტიის მომსახურე მძღოლთა ანაზღაურება კი 10.138 და 6.875 ლარს შეადგენს.

"ქართული ოცნების" შემოსავალი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა 127.581 ლარია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 127.474 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსება 127.474 ლარი. საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალი 11.454 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებენ. ხელფასებზე 11.250 ლარს გასცემენ. სახელფასო გრაფაში მხოლოდ 2 პიროვნებაა მითითებული, ბუღალტერი 7.500-ლარიანი ანაზღაურებით და მძღოლი 3.750 ლარი.

პოლიტიკური პარტიების ლიდერების და წევრების ხელფასების შესახებ დეტალურად იხილეთ ჟურნალ "გზის" 22 ივნისის ნომერში.

AMBEBI.GE