ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს დაიწყება

ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს, თოვლის დადნობისთანავე დაიწყება , - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” მაყურებლის შეკითხვას, რომელიც აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო პროექტით დაინტერესდა. კითხვის ავტორის განცხადებით, სწორედ ამ გზაზეა განლაგებული კურორტები - გოდერძი და ბეშუმი.

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ გზაზე ძალიან სერიოზული პროექტის განხორციელება იწყება. ”ამ გზის მნიშვნელობა ჩვენც ძალიან კარგად გვესმის. ჯერ კიდევ 2013 წელს გაკეთდა განსახლების გეგმაც და პროექტირებაც, მაგრამ მაშინ ამის დამფინანსებელი დონორი არ გამოჩნდა და ბიუჯეტშიც შესაბამისი ფული ვერ გამოიძებნა. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს გზა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ერთ ლოტზე, რომელიც 30 კილომეტრს მოიცავს, დონორი მოძიებულია - ეს არის ქუვეითის განვითარების ფონდი. პრაქტიკულად, შეთანხმებული გვაქვს ყველა ძირითადი საკითხი. მას ხელი მოეწერება უახლოეს პერიოდში, ამას შემდეგ რატიფიცირება სჭირდება პარლამენტში. ეს პროცესი, ალბათ, ცოტათი გაიჭიმება, რადგან პარლამენტმა დაამთავრა უკვე მუშაობა, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მას მთავრობის სხდომაზე სამი საკითხი ჰქონდა გატანილი. ”ჩვენ მივიღეთ ნებართვა, რომ განსახლების გეგმის განახლება დავიწყოთ, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და არ შეიძლება მოქალაქეები დავაზარალოთ. ერთდროულად მივიღეთ ნებართვა, რომ რატიფიკაციამდე პროექტის განახლება დავიწყოთ, რადგან მოგეხსენებათ, საკმაო პერიოდი გავიდა და შესაბამისი ცვლილებები პროექტშიც იქნება შესატანი. ვთვლით, რომ გაცილებით უკეთესი გზა უნდა გავაკეთოთ იმ თვალსაზრისით, რომ მანდ არის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, სადაც სულ არის წარმოუდგენელი ნამქერი. თუ თქვენ ამ გზას იცნობთ, ნამქერის დროს გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგან გაივლის ბულდოზერი და ვიდრე გამოივლის, თოვლი ისევ რამდენიმე მეტრია, ამიტომ მანდ გვინდა გამოვიყენოთ მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზაზე გამოყენებული გადახურვის მეთოდი და ზუსტად ყველაზე მტკივნეული მონაკვეთი ისე გადავხუროთ, რომ პრაქტიკულად სულ გავლადი იყოს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, 30 კილომეტრზე დონორი უკვე არის და 17 კილომეტრთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც დამაიმედებელია. ”შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენ რატიფიკაციის მერე უკვე შემსრულებელზე ტენდერს გამოვაცხადებთ და პირველივე თოვლის დადნობის მომენტში ამ პროექტზე მუშაობა დაიწყება”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.