საქართველო საზღვაო გამოფენა POSIDONIA 2016 -ზე მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველო ათენში, მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა POSIDONIA 2016 -ზე მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს, პავილიონში გაერთიანებული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი შემდეგი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ბათუმის საზღვაო ნავსადგური; ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT); შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია”; ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი“; საკრუინგო კომპანია “QUEENSWAY”; საკრუინგო კომპანია FREGATI; Caucasian Metals Terminal; Georgian Service Group; Georgian Trans Expedition; ASA TRANS CAUCASUS.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან "ბიზნესპრესნიუსს" აცნობეს, გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობამ, ხაზი გაუსვა საქართველოს საზღვაო პოტენციალს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მოიზიდოს არა მხოლოდ საზღვაო სფეროსთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მომხმარებლები, არამედ საერთაშორისო და წამყვან ორგანიზაციებთან ჩამოაყალიბოს ახლო ურთიერთობები.

POSIDONIA 2016 საზეიმოდ საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს. გამოფენის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კონფერენცია გაიმართა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას, ბერძენ გემთმფლობელთა ასოციაციისა და ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ვიოლეტა ბულცის ერთობლივი კონფერენცია წარმოადგენდა.

გამოფენაზე სააგენტოს გამგზავრებისა და მონაწილეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს, საქართველოს საზღვაო დროშის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რაც გემთმფლობელთათვის მაქსიმალურად სასურველი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ბერძენი გემთმფლობელების დაინტერესება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოდგენენ მსოფლიო საზღვაო ფლოტის 19,6 %-ს, ასევე ხაზგასასმელია გემთმფლობელებისა და აგენტების დიდი ინტერესი სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებით.

გამოფენის ფარგლებში დამყარებული კონტაქტების შედეგად, სააგენტომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გემთმფლობელებთან, აგენტებთან, საკრუინგო კომპანიებთან და საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან შემდგომი თანამშრომლობის დამყარების თაობაზე.

აღნიშნული დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სხვადასხვა მცურავი საშუალებების რაოდენობის ზრდაზე, ქართული საზღვაო დროშის პოპულარიზაციასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობაზე.

POSIDONIA 1969 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 92 ქვეყნის 1,900-მდე მონაწილეს აერთიანებს და მასმედიის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. POSIDONIA 2016-ში მონაწილეობის მიღება, საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.