კახა კალაძე - ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური LED განათებები დამონტაჟდეს

საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებლად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განაცხადა, სადაც მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია გაიმართა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება დედაქალაქის ენერგოეფექტურობას ეძღვნება, რაც მისასალმებელია, რადგან ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის.

”ჩვენ ენერგეტიკის მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ენერგოეფექტურობა. დედაქალაქის მერიაში დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს არსებული გარე განათებების ჩანაცვლებას ახალი ენერგოეფექტური LED განათებებით, რაც მისასალმებელია. მთელი თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებაზე გადადის. ასევე საკანონმდებლო დონეზე ვამუშავებთ იმას, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგია დავზოგოთ, ნაკლები გადასახადი გადავიხადოთ. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს საყოფაცხოვრებო მიმართულებით, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ კარგად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ენერგოეფექტურობა, რადგან პროექტის განხორციელების შედეგად ისინი უფრო ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან. ასევე ამ მიმართულებით გამოყენებული ნათურების მოხმარების ხანგრძლივობა გაცილებით მეტია, ვიდრე არსებულის”, - განაცხადა კალაძემ.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაესწრნენ.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.