CENN-მა კახეთსა და აჭარაში ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დაასრულა

2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა. კვლევა ”ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” (WMTR) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, პროგრამა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას ICMA და CENN კახეთსა და აჭარაში ახორციელებს.

CENN -ის ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორგანული მასალა, ქაღალდი და პლასტმასი ნარჩენების ის ძირითადი ნაკადებია, რომელიც წარმოიქმნება სამიზნე რეგიონებში. მათი პროცენტული შემადგენლობა მნიშვნელოვნად აღემატება ამ რეგიონებში წარმოქმნილ ნარჩენის სხვა ტიპის. პროცენტული თანაფარდობა ნარჩენების ნაკადებს შორის ასე გამოიყურება - 42.72% კახეთი, 36.61% აჭარა.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონის ნაგავსაყრელებზე პერიოდულად ხდება ქვეყანაში მოქმედ საწარმოთა წარმომადგენლების მიერ პლასტმასის, პოლიმერული ნაწარმის, პლასტმასის პეტ ბოთლებისა და კარდონის ნარჩენების შეგროვება და გადამმუშავებელ საწარმოებზე მიწოდება, პლასტმასის რესურსი რეგიონში საკმაოდაა და მისი ნედლეულად გამოყენების შემთხვევაში მინიმუმ 10-15 %-ით შემცირდება ნაგავსაყრელზე პლასტმასის მოცულობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ არაორგანიზებულად და სათანადო წესებისა და ნორმების დარღვევით ხდება მინის ტარის (კახეთი-5.95%, აჭარა-5.02%) შეგროვება და მეორადი გამოყენება.

რაც შეეხება ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენს (კახეთი-11.19%, აჭარა-14.7%), ის ნაგავსაყრელზე თავსდება და იმარხება. აჭარაში კარდონის ნაწილი კომერციულ ობიექტებსა და ბაზრობებზე გროვდება, იპრესება და ექსპორტზე გადის, ხოლო ქაღალდის ძალიან მცირე ნაწილის დამუშავება ხდება ადგილზე. კახეთში ადგილზე, სამწუხაროდ, არც ერთი გადამმუშავებელი საწარმო არ არსებობს.

გადამმუშავებელი სექტორის კუთხით, შედარებით განსხვავებული სიტუაციაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონში მოქმედებს შვიდი მცირე წარმადობის მეორადი ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმო, რომლებიც ძირითადად მუნიციპალური ნარჩენებიდან არაორგანიზებულად შეგროვებული მეორადი ნედლეულის პირველად დამუშავებას და ექსპორტზე გატანას ახდენენ, რაც ცალკეულ კომპონენტთა საერთო მოცულობის 20-30%-ს შეადგენს. კვლევის შედეგად აღნიშნულია, რომ ახლანდელი სეზონური კვლევის პასუხები უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია საჭირო აქტივობების განხორციელება და სხვადასხვა სახეობისა და მახასიათებლის ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა.