ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე, დაშავებულთა კი 140-მდე გაიზარდა

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ამასთან, თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

ასაშვილი საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში იმყოფება. მან საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დარეკონ, რომლის ნომერია: (+90 541) 818 44 00.