ევროპის მოედანზე 15-მდე გარემოვაჭრეს ტერიტორია დაატოვებინეს

თბილისში, ევროპის მოედანზე, 15-მდე გარემოვაჭრეს ტერიტორია დღეს იძულებით დაატოვებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს ევროპის მოედანზე საქმიანობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის და რიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აუკრძალეს.

მოვაჭრეების განცხადებით, მათ გაფრთხილება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხეს, დღეს კი საქონელი დაუზიანდათ.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ კომენტარი გააკეთა. ლექვინაძის თქმით, გარევაჭრობა კანონით იკრძალება.

„ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, რომლებიც ტურისტულად ძალიან დატვირთულია, ასეთი არაორგანიზებული ვაჭრობა ქალაქის იერსახისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ლექვინაძემ.