Forbes Magazine-ის ჟურნალისტი საქართველოზე სტატიას მოამზადებს

ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში Forbes Magazine-ის ჟურნალისტი იმყოფება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Forbes Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს Forbes Magazine-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ადამ მორგანსტერნი ეწვია. პრესტურის ფარგლებში 25 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით Forbes Magazine-ის ჟურნალისტმა თბილისი, ალავერდი, თელავი, შუამთა, გრემი, ქინძმარაული, ყვარელი, სიღნაღი, მცხეთა, ჯვრის მონასტერი, სტეფანწმინდა, ქუთაისი, წყალტუბო, პრომეთეს მღვიმე, გელათი, მოწამეთა, ონი; ამბროლაური, მარტვილი, ბორჯომი, ვარძია, ახალციხე, ატენი და სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერა. ადამ მორგანსტერნი სტატიას საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ქართულ ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოამზადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადამ მორგანსტერნი მსოფლიო ღვინისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებს ამზადებს ისეთი პოპულარული გამოცემებისათვის, როგორიცაა: The New York Times, Forbes, Gotham Magazine, Huffington Post, New York Daily News, Food & Wine, The Village Voice, Gothamist.