იპოთეკარები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ

იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მეოთხე დღეა აქციას მართავს. ისინი მთავრობისგან ბანკებთან შუამდგომლობას უშედეგოდ ითხოვენ.

„მეოთხე დღეა ვშიმშილობთ. არის ინფორმაცია, რომ ჩვენი სიები ბანკს გადაეცა, მაგრამ ვერ გავიგეთ რა შუამდგომლობით გადაეცა. მივიდეთ ბანკში და უარყოფითი პასუხით დავბრუნდეთ. ჩვენ გვინდა, ოჯახები გადავარჩინოთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ დღეს არჩილ ხაბაძე შეგვხვდებოდა, საბოლოო სიტყვას გვეტყოდა, მაგრამ არაფერი, ოთხი წელი გავიდა და ერთი იმედიანი სიტყვა არ უთქვამს ჩვენთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილე ირმა მიქელაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი შედგენილი სიის მიხედვით, იპოთეკით დაზარალებულთა რიხვი დაახლოებით 90 ოჯახს შეადგენს.

იპოთეკარების პროტესტი ბათუმში ოთხი წელია გრძელდება ერთი მთავარი მოთხოვნით - ბანკებისგან დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხი, რისთვისაც სჭირდებათ მთავრობის შუამდგომლობა.