ხულოს სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა დღეს აღდგება

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს მაღალმთიან სოფლებში, ბაკოს, მთის უბანსა და ზემო და ქვემო თხილვანაში რამდენიმე საათში აღდგება მოძრაობა. აღნიშნულ სოფლებში მისვლა მას შემდეგ იყო შეუძლებელი, რაც გუშინ ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდი, რომელიც აკავშირებს ამ სოფლებს.

„ეს მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან და მიაქვს ხიდი. აქ არ არის კაპიტალური ხიდი აგებული, რადგან რელიეფიდან გამომდინარე ვერ ხერხდება და ყოველთვის დროებითი ნაგებობაა. გუშინ ჩვენ ავედით იქ, მობილიზებული იყო ტექნიკა, მაგრამ წვიმისა და ადიდებული მდინარის გამო ვერ შევიდა“, - განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს და რამდენიმე საათში აღდგება მოძრაობა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მაღალმთიან სოფლებს დიდი ხანია ეს პრობლემა აწუხებს.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის ყოფილი უფროსის ტარიელ ტუსკიას განმარტებით კი, ხულოს ამ მაღალმთიან სოფლებში ყველა ხიდი ღვარცოფის ხეობაშია.

„ეს ადგილი ღვარცოფული ხეობაა, 1989 წლიდან მოყოლებული ყველა ღვარცოფულ მოვარდნაზე ასეთი პრობლემები იქმნება“, - აცხადებს ტუსკია.

ბესიკ ბაუჩაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ალტერნატიულ გზაზე მუშაობს.

„ალტერნატიულ გზებთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული მონახაზები, მაგრამ იქ არის კერძო საკუთრება, მოსარგებლეები, ეს თემები აფერხებს შემდგომ ნაბიჯებს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი შეიძენს პროექტს, მოლაპარაკება თითქმის დასრულდა მოსახლეობასთან. ნაწილობრივ არის პრობლემები, მაგრამ თუ ეს პრობლემა გადაწყდა, ალტერნატიული გზის მშენებლობის დაწყებას ვფიქრობთ“, - აცხადებს ბაუჩიძე.