პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას აპირებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მომავალი სამი წლის განმავლობაში საკუთარი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განუცხადა. როგორც ქალდანმა აღნიშნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში იგეგმება უფრო მეტი სფეროს მოცვა, სადაც პერსონალური მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით შესაძლოა, პრობლემები არსებობდეს, ასევე იგეგმება საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია.

„სამი წლის განმავლობაში ძირითადად ორიენტირებული ვიყავით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენასა და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე, ამიტომ მოვიცავით მსხვილი საჯარო სტრუქტურები და კერძო მსხვილი ორგანიზაციები, მაგრამ არანაკლები პრობლემები შეიძლება არსებობდეს საშუალო და მცირე სექტორში, ამიტომ უნდა გაიზარდოს მასშტაბები და ყველა სფერო მოვიცვათ“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სამი წლის საქმიანობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ დღეს მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე იმსჯელეს ინსპექტორის აპარატის შექმნიდან დღემდე სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, გამოწვევებსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვას გააძლიერებს.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაერო-ს ოთხი სააგენტო: გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.