დუშეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 450 ათას ლარს შეადგენს

დუშეთის რაიონისთვის სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით 450 ათას ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დუშეთის რაიონის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განაცხადა.

”ბოლო დღეებში რამდენიმე თემში შეგვექმნა პრობლემა. შატილის თემში, არდოტის მხარეს ადიდებულმა წყალმა დააზიანა გზები, დაზიანებულია ხიდები. მთიულეთის მხარეს რაც შეეხება, ქვეშეთის თემში არის სოფელი სეფე, ხიდი გავაკეთეთ შარშან, მაგრამ ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო წყალმა, თუმცა იქ არის ალტერნატიული, სამანქანო ხიდი. ზარალი უკვე დათვლილია და დღეს ვგეგმავთ გაგზავნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების დეპარტამენტში. ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, პირველად სამუშაოებს ვაწარმოებთ”, - განაცხადა ჩოხელმა.

მისივე განმარტებით, რომელიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების ან ტრანსპორტის პრობლემა არ არის.

ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონებში პრობლემები შექმნა.