რატომ აღარ განიხილება მერიაში ტრამვაის შემოყვანის პროექტი?

წლების წინ საქართველოს დედაქალაქი ტრამვაის გარეშე ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

ტრამვაი ყველაზე იაფი ტრანსპორტი იყო, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობდა. თუმცა, 90-იან წლებში ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა დაიწყო, რაც 2006 წელს სრული ლიკვიდაციით დასრულდა.

მას შემდეგ არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ თბილისში შესაძლოა ახალი, ადრინდელზე ბევრად უფრო კომფორტული ტრამვაი გამოჩენილიყო. 2012 წელს ფრანგულმა კომპანიამ ,,სისტრამ“ ერთწლიანი სამუშაოს შედეგები გამოაქვეყნა და ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტის პრეზენტაციაც მოაწყო. გეგმის მიხედვით, ტრამვაის მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალამდე უნდა გაგრძელებულიყო.

პროექტის მიხედვით, ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა ქალაქის ცენტრალური და გარეუბნები. თუმცა, გეგმა ვერ განხორციელდა. იმისათვის, რომ ქალაქში ტრამვაი დაბრუნებულიყო, მერიას საჭირო სახსრების, დაახლოებით 150 მილიონი ევროს მოძიება უწევდა, რაც როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა. მაშინ, თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის პროექტის დასრულებას სწორედ 2016 წელს ვარაუდობდნენ.

დღეს დედაქალაქის მერიაში ამ თემაზე აღარ საუბრობენ. ამბობენ, რომ პროექტი ნამდვილად არსებობს, თუმცა მისი განხორციელების პერსპექტივა - არა. ტრამვაის თემა ადგილიდან არ იძვრის.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების, ამ შემთხვევაში ტრამვაის დანერგვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,რეალურად ყველა განვითარებულ ქალაქში არებობს მსგავსი ტიპის ტრანსპორტი, რომელსაც არაერთი უპირატესობაა აქვს. ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური და ამავდროულად ვიზუალური თვალსაზრისით ტურისტებისთვის მიმზიდველია. ისეთ დასახლებებში, სადაც არ მიდის მეტრო, ცხადია, უნდა არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება“, - აღნიშნავს ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ მერიაში ეს პროექტი ახლაც დევს, თუმცა აღარ განიხილება. მისი თქმით, ამ პროექტის დაძვრა რამდენიმე მიზეზის გამო არ ხდება.

,,პირველ რიგში არ არსებობს პოლიტიკური ნება. ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტი მერიას არ გააჩნია. არ აქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა უპასუხონ იმ გამოწვევას, რასაც გადატვირთული მოძრაობა და საცობები ქვია.“

ვასო ურუშაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მერია ამ პრობლემების აღმოფხვრასაც ვერ ახერხებს, მათი მხრიდან ახალ ალტერნატიულ პროექტებზე მუშაობის დაწყება, წარმოუდგენელია.

როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ტრამვაის პროექტი პირველ ეტაპზე შეიძლება დაინერგოს ისეთ უბნებში, სადაც თბილისს განვითარების პოტენციალი აქვს.

,,მაგალითად, ვარკეთილი-თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახლა ხდება განაშენიანება და სადაც არ მიდის სატრანსპორტო ქსელი. იგივე დიდი დიღომი, ძალიან დიდი დასახლება, რომელსაც აქვს განვითარების კარგი პერსპექტივა. ეს დასახლება მოწყვეტილია რელსიანი სატრანსპორტო სისტემის ქსელს ანუ მეტროს. შესაბამისად, მისი დაკავშირებაც უნდა მოხდეს რომლიმე ახლომდებარე მეტროსადგურთან ტრამვაის ხაზით. თუ ამ ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტუქტურა ამგვარად განვითარდება, ის უკვე გახდება მიმზიდველი კომერციული ობიექტებისთვის და ბიზნესცენტრებისთვის. ეს კი საშუალებას მოგვცემს, მომავალში უკვე ტრამვაის ხაზებმა დედაქალაქის ცენტრშიც გაიაროს. ჩვენ რომ ვიზუალური ეფექტის გამო მოგვინდეს ტრამვაი რუსთაველზე ან ჭავჭავაზძეზე, ეს არაეფექტური აღმოჩნდება“, - განმარტავს ურუშაძე.

ვასო ურუშაძის აზრით, მერიის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამვაის პროექტი მაღალბიუჯეტიანია, არადამაჯერებელია.

,,დღეს, როცა თბილისის მერია ამბობს, რომ ამისთვის თანხები არ გააჩნია, ძალიან მცდარი მიდგომაა. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ თბილისის მერიის ხარჯებს, რომელსაც უწყება უთმობს ავტომობილების შეძენას, ექსპლუატაციასა და საწვავით მომარაგებას. მერია ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს და არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების კომფორტულად გადაადგილებაზე“, - აცხადებს ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის თანხების ოპტიმიზაციითა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ტრამვაის პროექტი უტოპია ნამდვილად არ არის და მისი განხორციელება შესაძლებელია.

ქრისტინე გამთენაძე