გუკა რჩეულიშვილი ბრალს არ აღიარებს

”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გუკა რჩეულიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ადვოკატმა და გამომძიებელმა გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა, რჩეულიშვილმა ბრალის დადგენილება ჩაიბარა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

”რაიმე სახის დაზიანებები მას არ აღენიშნება. ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ სცნობს. უბრალოდ, იმ მოვლენების გამო, რაც გუშინ განვითარდა, რომ მისი დედა მაია რჩეულიშვილი, სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი დააკავეს სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მან ჩათვალა რომ მორალურად ისიც მათ გვერდით უნდა იყოს და ჩაბარდა პროკურატურას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მარინა ცუცქირიძემ.

”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა. მას პროკურატურა თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავება. ამავე ბრალდებით არიან დაკავებულები ასევე ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ”ცენტრ პოინტ აჭარას” დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.