"ფონდ „ქართუს" Black Sea Arena 115 მილიონი დოლარი დაუჯდა"

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ფონდმა ”ქართუმ” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 10 ივლისს შეკვეთილში მოაწერეს ხელი. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Black Sea Arena-ს მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 115 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანიამ „დრაი არქიტექტენმა“ იმუშავა. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ და კომპანია „ელიტა ბურჯმა“ აწარმოეს.

უკვე ცნობილია, რომ Black Sea Arena-ს პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა გახსნის. შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში მსოფლიო დონის ვარსკვლავი 30 ივლისს იმღერებს. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა. კონცერტზე მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და მის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

რა მახასიათებლები გააჩნია Black Sea Arena-ს, რას შეუწყობს ის ხელს რეგიონში, როგორი პირობებით გადაეცა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს და როდის მოიტანს მოგებას - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსი” ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს ესაუბრა.

- რამდენი წელი შენდებოდა და საერთო ჯამში, რა დაჯდა Black Sea Arena-ს მშენებლობა?

- 2006-2007 წლებში ფონდის მიერ შეირჩა პერსპექტიული ადგილი საკონცერტო დარბაზის მშენებლობისთვის. გათვალისწინებულ იყო ის გარემოება, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ქობულეთსა და ურეკს შორის არსებული ზოლი ფაქტობრივად მოწყვეტილი იყო ტურიზმიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რადგან ამ ტერიტორიაზე არ იყო, ფაქტობრივად, არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სანაპიროს ეს მონაკვეთი უნიკალურია და ულამაზესია სანაპიროს ზოლზე არსებული ტყეებით. წინასწარი და საპროექტო სამუშაოები დაიწყო 2007 წელს, ხოლო 2009-ში უკვე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობიდან. დღევანდელი მონაცემებით, არასაკონცერტო სეზონზე მუდმივად დასაქმებული იქნება 50-60, ხოლო კონცერტების დღეებში დაახლოებით, 300 ადამიანი.

- რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს დარბაზს?

- დარბაზის პროექტირებაზე იმუშავა გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ ასოციაცია “ატუ” და კომპანია “ელიტა ბურჯი”. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ერთ შენობაში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, ვიპდარბაზები, შეხვედრის ოთახები და სამედიცინო პუნქტი, ხოლო მეორე შენობაში - დარბაზის ადმინისტრაციული ნაწილი, მაღალი კლასის საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა (ლამელებით) და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზი 10000-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი და მორგებულია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. Black Sea Arena მაყურებლების სრული უსაფრთხოების დაცვითაა დაპროექტებული. დარბაზს გააჩნია ასევე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკირების ზონა 2000-ზე მეტი ავტომობილის ტევადობით. საინტერესოა, რომ არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებებისა, თეატრალური წარმოდგენებისა თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვისაა საინტერესო. დარბაზში დამონტაჟებულია საერთაშორისო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული განათებისა და გახმოვანების სისტემები, ლედ და კინოთეატრის ეკრანები. Black Sea Arena-ს შენობა მთლიანად აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი სახანძრო პუნქტი, რომელიც არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს, არამედ მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოემსახურება. უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილმა საკონცერტო დარბაზმა ისეთი კომპანიების ინტერესი გამოიწვია, როგორიცაა კომპანია SMG, რომელიც ევროპის უდიდეს არენებზე ოპერირებს და დღეს ის Black Sea Arena-ს ოფიციალური პარტნიორია. მოკლედ, საკონცერტო დარბაზი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და ნებისმიერი მსოფლიო დონის ვარსკვლავს უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის, ხარისხის და ტექნოლოგიების მქონე საზაფხულო საკონცერტო დარბაზი არც სამხრეთ კავკასიის რეგიონში არც შავიზღვისპირეთში არ არსებობს.

- რა პირობებით გადაეცა Black Sea Arena სახელმწიფოს და გარდა შენობისა, კონკრეტულად რას მოიცავს ფონდი ”ქართუს” საჩუქარი?

- სახელმწიფომ საკუთრებაში მიიღო საკონცერტო დარბაზის შენობა, შენობის გარშემო ინფრასტრუქტურა და ის აუდიო-ვიდეო-განათების ტექნიკა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ Black Sea Arena-ს, არამედ შესაძლებელია გაქირავდეს მესამე პირებზე. სახელმწიფოს შეუძლია დარბაზის მართვა როგორც მმართველი კომპანიის მეშვეობით, ასევე პირდაპირ ან სხვა ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ. მაგალითად, დარბაზთან არსებული ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტი, რომელიც სუპერთანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, შეიძლება გადაეცეს 112-ს და მოემსახუროს არა მხოლოდ Black Sea Arena-ს, არამედ მიმდებარე დასახლებულ პუნტებსაც. InterPressNews.Ge

- Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ საკონცერტო დარბაზის შენახვა ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება და რეალურად მოგების მომტანი ვერ იქნება. რა დაუჯდება სახელმწიფოს ძვირადღირებული ობიექტის - Black Sea Arena-ს შენახვა?

- ობიექტი მართლაც ძვირადღირებულია, საერთო ჯამში, დარბაზი და მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა ფონდ ”ქართუს” დაუჯდა დაახლოებით, 115 მილიონი დოლარი, თუმცა Black Sea Arena-ს ძვირადღირებულება განაპირობებს მის ეკონომიურობასაც. საკონცერტო დარბაზში დამონტაჟებულია ენერგიის დამზოგავი სისტემები, შესაბამისად კონცერტებს შორის პერიოდში მისი შენახვა ძვირი არ დაჯდება. რასაკვირველია, იქნება სხვა ხარჯები, მაგალითად, თანამშრომელთა ხელფასებზე. ის აჟიოტაჟი, რომლის ატეხვასაც ცდილობნენ ამ უნიკალური ობიექტის ოპონენტები - თითქოს სახელმწიფოს ტვირთად დააწვებოდა დარბაზის შენახვა, არის არაკომპეტენტურობის ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის მცდელობა. Black Sea Arena-ს მსგავს ობიექტებზე უზარმაზარი მოთხოვნაა რეგიონში და პირველ რიგში, საქართველოში, სადაც უპრეცედენტო რაოდენობის უცხოელი შემსრულებლები ჩამოდიან კონცერტების გასამართად. სახელმწიფომ ეს დარბაზი უნდა გააქირავოს და მიიღოს შემოსავალი. უნდა გააქირაოს ტექნიკაც, რომელიც მას გააჩნია და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტექნიკაც არავის აქვს რეგიონში. ამიტომ ოპონენტები ნუ ღელავენ, Black Sea Arena მოგებასაც მოიტანს და ტურისტებსაც მოიზიდავს.

- რა მიზანს ისახავდა Black Sea Arena-ს გადაცემა სახელმწიფოსთვის და როდის გავა საკონცერტო დარბაზი მოგებაზე?

- ეს დარბაზი არის არა კრედიტი, არამედ საჩუქარი, რომელიც ფონდმა ”ქართუმ” გადასცა სახელმწიფოს რეგიონის განვითარებისა და ტურიზმის წახალისებისთვის. ასე რომ, წაგებაზე ობიექტი ვერ იქნება, მოგება კი დაიწყება წელსვე, მით უმეტეს, რომ ”ქართუმ” Black Sea Arena-სთან ერთად სახელმწიფოს აჩუქა 2016 წლის ღონისძიებათა პროგრამაც.