სალომე ჩარკვიანის საპროცესო შეთანხმების დადასტურებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სალომე ჩარკვიანის საპროცესო შეთანხმების დადასტურებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატის მარიკა ფხალაძის ინფორმაციით, პროცესი 11:30 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმებას გაფორმების მოთხოვნოთ 15 ივლისს მიმართა.

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.