თურქული ლირა 8-წლიან მინიმუმზე დაეცა

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფონზე, თურქული ლირა 2008 წლის შემდეგ პირველად მკვეთრად დაეცა დოლართან მიმართებაში.

დღევანდელი დილის მონაცემებით, თურქული ვალუტა დოლართან მიმართებაში 5%-ით დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3,0300 ლირა შეადგინა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 2008 წლის შემდეგ ერთ დღეში ლირა ამდენით არ გაუფასურებულა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა.

ბოლო  მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე, დაშავებულმა რაოდენობა 1 154-მდე გაიზარდა, დაკავებულთა რიცხვმა კი 1 563-ს მიაღწია.