"თურქეთში არსებული დაძაბული ვითარება საქართველოში სტაბილური გარემოს არსებითად შეცვლის საფუძველი ვერ იქნება"

თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე არ აისახება,

- ამის შესახებ ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს თურქეთში არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნული პროცესების შესაძლო გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

გვიდიანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, თუმცა აღნიშნული გარემოებები ეკონომიკური ცხოვრების არსებით ცვლილებაზე ვერ იმოქმედებს.

„ბუნებრივია, თურქეთში, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, გარკვეულწილად თავის კვალს დატოვებს საქართველოს ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს მეზობელ და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სტაბილური გარემოს არსებობა, საქართველოსთვის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გადავხედავთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, ვნახავთ, რომ თურქეთის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში, დაახლოებით, 10-15%-ია. შესაბამისად, თურქეთში არსებული დაძაბული ვითარება, საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება. თუმცა ეს ვერ იქნება, საქართველოში სტაბილური გარემოს არსებითად შეცვლის საფუძველი. რამდენადაც, გარდა თურქეთისა, ჩვენს ქვეყანას, სხვა სტაბილური პარტნიორებიც ჰყავს. ამდენად, ვთვლი, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენებში არსებული ერთგვარი პანიკური ფონი უსაფუძვლოა“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.