"სუფთა სახლიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ

მაღაზიათა ქსელის "სუფთა სახლი" წინააღმდეგ, ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში დაზარალებული თათია გოლიჯაშვილი აცხადებს, რამდენიმე თვის წინ "სუფთა სახლში" მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ აიყვანეს, თუმცა თვენახევარში ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, მასთან ერთად მაღაზიიდან გაათავისუფლეს სამი კონსულტანტი. სალომე მანჯავიძე, თიკო ჩიტაძე, ხატია და თათია გოლიჯაშვილები სასამართლოში ჩივილს უახლოეს დღეებში აპირებენ.

როგორც თათია გოლიჯაშვილი აცხადებს, მას მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისთვის ანაზღაურების სახით, თვეში 400 ლარი ეკუთვნოდა, ამას ბონუსები უნდა დამატებოდა, თუმცა მისივე ინფორმაციით, თვენახევრიან მუშაობაში საერთო ჯამში 300 ლარი, ეტაპობრივად ჩაერიცხა. ხელფასს დღემდე ელოდებიან კონსულტანტებიც.

ოთხივე თანამშრომელი ,,სუფთა სახლის” ორთაჭალის ფილიალში მუშაობდა.

,,ჩვენი უფლებები შელახეს და ასე ექცევიან ძალიან ბევრ ადამიანს. დილის 9 საათიდან საღამოს 8-მდე ვმუშაობდი და სანაცვლოდ მხოლოდ უპატივცემულო დამოკიდებულება მივიღე. საშინელი სიტუაციაა შიგნით”, - ამბობს თათია გოლიჯაშვილი.

მისი ინფორმაციით, დამსაქმებელთან ექვსთვიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელიც სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ორი კვირით ადრე თანამშრომლის გაფრთხილებას ითვალისწინებდა, რაც ,,სუფთა სახლს” არ შეუსრულებია.

,,გათავისუფლებას რომ თავი დაანებო, კუთვნილი ხელფასიც კი არ ჩაგვირიცხეს. გვამუშავეს და მოგვისროლეს. ჩემი უფლებები შელახულია და ამის პატიებას ნამდვილად არ ვაპირებ”, - ამბობს თათია გოლიჯაშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით მაღაზიათა ქსელ ,,სუფთა სახლის” წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონებმა არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები.

"მენეჯერის პოზიციაზე მყოფმა თათია გოლიჯაშვილმა კი თავი ვერ წარმოაჩინა და ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ის ვერ შეასრულებდა მენეჯერის მოვალეობებს. მათი განცხადებით, კომპანიას აღნიშნული თანამშრომლები უკანონოდ არ გაუთავისუფლებია", - განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" "სუფთა სახლში".

ქრისტინე გამთენაძე