გურიასა და იმერეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო

ჭიათურისა და ოზურგეთის რაიონებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერის ლევან უროტაძის თქმით, იმედია, ეს პროცესი შემოდგომიდან კიდევ უფრო გააქტიურდება.

"რაც მთავარია, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია: ჭიათურასა და ოზურგეთში დიდი რაოდენობით გავერანებული პლანტაციაა, რომელიც უკვე 25 წელია უფუნქციოდ არის მიტოვებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩაის ბუჩქის გასხვლა იგულისხმება: არსებობს მძიმე გასხვლა და ნახევრად მძიმე გასხვლა. მძიმე გასხვლა ნიშნავს პლანტაციის მიწის ზედაპირამდე გადაჭრას, ხოლო ნახევრად მძიმე გასხვლის დროს პლანტაცია მიწიდან 45 სმ-მდე იჭრება. ჩაის ამოძირკვას და ახალი ძირების დარგვას არ ვგეგმავთ, რადგან ახალი პლანტაციის გაშენება ფინანსურად გაუმართლებელია - სადღაც 35 000 ლარი ჯდება, თანაც, ამ შემთხვევაში მოსავალს 8 წლის შემდეგ მივიღებთ, როცა უკვე არსებული პლანტაციის შემთხვევაში 1 ჰექტრის რეაბილიტაცია 35 ათასი ლარის ნაცვლად, 2500 ლარი ჯდება და მსხმოიარობაში პლანტაცია 2-3 წლის შემდეგ შედის", - აღნიშნავს ლევან უროტაძე.

მისი თქმით, კიდევ 15 ბენეფიციართან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელსაც ჩაის პლანტაციის აღდგენა და პროგრამაში ჩართვა სურს.

"ეს ბენეფიციარები სხვადასხვა კუთხიდან არიან - გურიიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან. ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა რეგიონი. ისინი იურიდიული პირები არიან, რადგან ჩვენი პროექტი მხოლოდ იურიდიული პირების და კოოპერატივების დაფინანსებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა თებერვლის თვეში დაიწყო და მისი წლევანდელი ბიუჯეტი 3 100 000 ლარია. ზაფხულში ჩაის გასხვლა სასურველი არ არის, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სექტემბრიდან ჩაის რეაბილიტაციის პროცესი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა“, - აცხადებს პროგრამის მენეჯერი.

ხათუნა ჩიგოგიძე