შემოსავლების სამსახურმა 38 700 ლარის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურმა თბილისში 38 700 ლარის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ერთ-ერთი შპს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ელექტრო დამტვირთველი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

„ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ შესაბამისი ექპერტიზა ჩატარდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 38 700 ლარი შეადგინა“, - აცხადებენ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.