„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები - "მაიას ადგილი ციხეშია"

მაია რჩეულიშვილი ევროსაბჭოს სტანდარტების დარღვევით იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაია რჩეულიშვილის დამ რუსუდან კერვალიშვილმა განუცხადა.

რუსუდან კერვალიშვილი იმედოვნებს, რომ 1-ელ სექტემბერს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისა და ადამიანებისთვის სამართლიანი იქნება. მისივე თქმით, დაზარალებულებისთვის თანხის ანაზღაურება ერთადერთი ვისაც შეუძლია, არის მაია რჩეულიშვილი, თუმცა ის პატიმრობაში იმყოფება.

ამ კომენტარის გაკეთების დროს რუსუდან კერვალიშვილსა და დაზარალებულებს შორის სიტუაცია დაიძაბა. კომენტარის დროს დაზარალებულები სკანდირებდნენ - „მაიას ადგილი ციხეშია“. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ იმ საქმეზე, რა საქმის განხილვაც დღეს უნდა გაიმართოს, მათი ზარალი ათიათასობით დოლარს შეადგენს.

დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე მორიგი სასამართლო პროცესი და დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, ბინები 2006 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა დღემდე არ ჩაბარებიათ. მათივე თქმით, ასევე დამატებით გადაიხადეს სადარბაზოსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თანხები იმის სანაცვლოდ, რომ მაია რჩეულიშვილი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაპირდა კომუნიკაციიის მოწესრიგებას. თუმცა ეს დაპირება, დაზარალებულების თქმით, სხვა დაპირებებივით შეუსრულებელი დარჩა. ისინი მოთხოვენ მაია რჩეულიშვილთან ერთად პატიმრობაში აიყვანონ: ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი ფინანსური ხელმძღვანელი ქეთი ჟორდანია.

მაია რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე აქვს შეფარდებული. დღევანდელ განსახილველ საქმეში კი მასთან ერთად ბრალდებული „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურიაა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე