პროექტის ”Smart Hub - საქართველო” პრეზენტაცია გაიმართა

დღეს სასტუმრო ”რედისონში” საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტ ”Smart Hub - საქართველოს” პრეზენტაცია შედგა.

ინიციატივის მიზანია, საქართველო წარმოაჩინოს, როგორც გამჭვირვალე და მოსახერხებელი ბიზნეს ოფისი მთელი მსოფლიოსთვის. პრეზენტაციას საინიციატივო ჯგუფის წევრები: გიორგი ვაშაძე, დავით კიზირია და სერგო ჩიხლაძე უძღვებოდნენ.

”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას.

”ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორ შეგვექმნა ფორმულა იმისთვის, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ბევრი ინვესტიცია, რათა საქართველოში შევქმნათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის და საერთაშორისო ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოდან აწარმოოს საკუთარი ბიზნესი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით ფორმულა, რომელიც გულისხმობს Smart Hub - საქართველოს შექმნას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან აწარმოოს ბიზნესი მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა, ასევე ახალი ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქმნებოდეს საქართველოში”, - განაცხადა ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა.

”ეს პროექტი რამდენიმე თვეა მუშავდება, გამოვიტანეთ პარტიული კუთვნილებიდან და მივეცით დამოუკიდებელი პროექტის სახე. შევქმენით საინიციატივო ჯგუფი გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით. ამ საინიციატივო ჯგუფის სახელით გვინდა საზოგადოებას წავუდგინოთ ეს პროექტი, რათა ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური რეფერენციებისა, სურდეს და მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში”, - განაცხა სერგო ჩიხლაძემ.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, ფორმულა 4 ნაბიჯისგან შედგება:

1. ბიზნესის/კაპიტალის მოტივაცია-ოპტიმალური, დაბალი და მარტივი გადასახადები ბიზნესისთვის. ინოვაციური ბიზნესის მოზიდვა და ხელშეწყობა.

2. Smart - სერვისები - ბიზნესის რეგისტრაცია და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ინტერნეტის საშუალებით.

3. ადამიანებისა და ბიზნესის დაცულობა სახელმწიფო ძალმომრეობისგან-სამართლიანი, ზეწოლისგან თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლო.

4. საქართველოს, როგორც ბიზნესის სავანის საერთაშორისო რეკლამირება-ტურნე მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში საქართველოს რეკლამირებისთვის, როგორც ყველაზე მოხერხებული და მიმზიდველი ადგილის ფულის დასაბანდებლად და ახალი საწარმოების გასახსნელად.

პროექტი ინოვაციებისა და განვითარების ფონდის მიერ არის დამუშავებული.

”პროექტი ინოვაციებისა და განვითარების ფონდის მიერ არის დამუშავებული. ეს არის საერთაშორისო ფონდი, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის აქტიურად ვმუშაობთ უკრაინაში. იდეა არის, რომ მოხდეს იმ რესურსებისა და იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოდ გლობალურ ეკონომიკაში, რათა მოხდეს მოზიდვა გლობალური თავისუფალი ფულის”, - განაცხადა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის წარმომადგენელმა დავით კიზირიამ.