ბორჯომში  საავტოობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ბორჯომში, სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საბჭოში განაცხადეს, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაგავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე გაემგზავრა საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძეც და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.

”ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ქ. ბორჯომში გაემგზავრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტულის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე აგრეთვე მობილიზებულია საპარტულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

კრიზისების საბჭოს ინფორმაციით, განხორციელდა დაახლოებით 40-მდე ადამიანის ევაკუაცია. ”ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ერთი ქალბატონი. აღნიშნული მომენტისთვის დაზარალებული სამაშველო სამსახურების მიერ ამოყვანილია დაზიანებული ავტომობილიდან და მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. ყველა რთულ ადგილას უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მაშველები. დამატებით სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართულები არიან საპატრულო დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.”, - ნათქვამია განცხადებაში.