სათბური ბულაჩაურში, სადაც  მარწყვს წელიწადში ხუთჯერ კრეფენ

გნებავთ მარწყვი იანვარში? საქართველოში მას ბევრ ადგილას იშოვით სათბურებში. ასე რომ, გამოთქმა - "დედაბერმა იანვარში მარწყვი მოინატრაო", აქტუალური უკვე აღარ გახლავთ

- ბულაჩაურში სათბურში მარწყვს წელიწადში ხუთჯერ კრეფენ. კოოპერატივები, რომელთაც ბევრი უფრთხის, თურმე სულაც არ ყოფილა "საშიში" და რთული. მით უფრო, თუ ამ საქმეში უცხოური ორგანიზაცია გეხმარება.

ნინო ჩიტორელიძე, კოოპერატივის წევრი: - მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ორგანიზაციები მზად არიან დასახმარებლად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულნი საგრანტო პროექტებში მონაწილეობას ალღოს მასობრივად ვერ უღებენ. ვერ უგებენ მათ, თორემ ჩვენში მრავლად უნდა იყოს ისეთი პროექტი, როგორიც, მაგალითად, ბულაჩაურის კოოპერატივია.

სოფლის მეურნეობის პარტნიორ უცხოურ ორგანიზაციებსაც უკვირთ, - ვცდილობთ, მოსახლეობა დავარწმუნოთ ჩვენი პროექტების ეფექტიანობაში, მაგრამ მსურველი მაინც ცოტაა, არადა, დღევანდელი სოფლის მეურნეობა მცირე შემოსავალს იძლევაო.

შესაძლოა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთ ამ ორგანიზაციების არ ესმით და შეთავაზებულ პროექტებში რეალურ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ეს კი იმის გამოა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ცოდნა დავკარგეთ, დაგვავიწყდა, რომ სიახლეები აუცილებელია. ისე კი, უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებით ბევრი კარგი და წარმატებული საქმე მაინც გაკეთდა. მათ შორის ჩვენი კოოპერატივი. "ჯორჯიან აგროექსპორტ გრუპიც" არის. ორგანიზაცია "ოქსფამმა" საგრანტო კონკურსი კოოპერატივის შექმნაზე 2015 წელს გამოაცხადა. 7 კაცი შევიკრიბეთ, განაცხადი სოფელ ბულაჩაურში მარწყვის სათბურის გაკეთებაზე შევიტანეთ და გავიმარჯვეთ. დღეს უკვე გამართული და პერსპექტიული კოოპერატივი გვაქვს, რომლის შვიდივე წევრი რუსთავში ვცხოვრობთ და იქიდან დავდივართ ბულაჩაურში. მარწყვს ჩვენი ხელით ვუვლით, ვკრეფთ და გასაყიდად ვამზადებთ. მარწყვის გასაყიდი ობიექტებიც ერთად შევარჩიეთ.

- სათბურში მარწყვი წელიწადში 3-4-ჯერ მოდის, თქვენთანაც ასეა?

- სათბურში მარწყვის მოსავალი წელიწადში შეიძლება 5-ჯერაც მიიღო და ჩვენც ასე ვაპირებთ. თუმცა, პირველ წელიწადს არ გამოგვივიდა. ისეთი გამართული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურის აშენებას, როგორიც ჩვენია, დიდი დრო დასჭირდა. 500 კვმ-ზე ივლისში დაწყებული სათბური მხოლოდ ოქტომბრისთვის მოვაწყვეთ ისე, რომ მარწყვი დაგვერგო. შემდეგ ყინვები დაიწყო. ახალაშენებული სათბური მთლიანად ვერ გავათბეთ, ამიტომ მოსავალი მხოლოდ თებერვლის თვეში მივიღეთ. თუმცა, იმდენად კარგად გაიყიდა, რომ მიმდინარე ხარჯები ნაწილობრივ დაგვიფარა.

- მიმდინარე ხარჯებში რას გულისხმობთ?

- სათბურის აშენება 90 000 ლარი დაჯდა. 70%-ით "ოქსფამმა" დაგვაფინანსა, დანარჩენი კოოპერატივის წევრებმა გადავიხადეთ. მას სხვა ხარჯებიც დაერთო - სათბურის საწვავით გათბობა ზამთარში საგრანტო დაფინანსებაში არ შედიოდა და ამის თანხა ჩვენ გავიღეთ. მიმდინარე ხარჯების მცირე ნაწილი ამ დროისთვისაც ამოსაღები გვაქვს, მაგრამ რახან ჩვენი მარწყვი კარგად იყიდება, იმედი გვაქვს, ამას შევძლებთ, მერე კი თანდათან მოგებაც იქნება. პარალელურად ხომ მოსავალიც გვეზრდება, - თუ ჩვენი მარწყვის თითოული ნარგავი დასაწყისში 500 გრამს ისხამს, საბოლოოდ მისი მსხმოიარობა 1500 გრამამდე, ანუ კილო-ნახევრამდე ადის.

- როგორც ვიცი, სათბურების ბუნებრივი აირით გათბობა ძვირი ჯდება, რაც შემოსავალს ამცირებს.

- ასეა. ამიტომაც ვაპირებთ სათბურში იაფი, ალტერნატიული ბიოსაწვავის შეტანას.

- ალბათ საქონლის ნაკელისგან მიღებულ საწვავს გულისხმობთ, რომლის გამოყენებაზე დღეს ბევრს საუბრობენ.

- დიახ. საწვავი აპარატურა სათბურის გარეთ დამონტაჟდება. თუმცა სათბურის შიგნითაც რომ დამონტაჟდეს, ჩვენი პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს ვერაფერს დააკლებს. ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, მხოლოდ მინერალებით ვანოყიერებთ - მარწყვი ბალტიისპირეთიდან ჩამოტანილი ტორფით გამდიდრებულ მიწაზე გავაშენეთ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე