დანი როდრიკის თეორია და საქართველო

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფორუმზე“, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ძალიან დაინტერესდა ცნობილი ეკონომისტის - დანი როდრიკის განვითარების თეორიით.

„დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ დანი როდრიკის განვითარების თეორიით დავინტერესდით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, პრემიერის ყურადღება ჯონ კენედის უნივერსიტეტის პროფესორის დანი როდრიკის თეორიისადმი შემთხვევითი როდია. ამ საკითხის განხილვა „ბიზნესპრენიუსმა“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს სთხოვა:

- საქართველოს მთავრობის მიერ დანი როდრიკის მოწვევა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფორუმზე“ მისი მოხსენებით გამოსვლა, ჩემი აზრით, განპირობებული იყო ამ მეცნიერის ფუნდამენტური სამეცნიერო იდეებისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთი პრიორიტეტის თანხვედრით. დანი როდრიკი თურქული წარმოშობის მკვლევარი-ეკონომისტია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს აშშ-ში. იგი ჰარვარდის ჯონ კენედის სკოლის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის პროფესორია და იკვლევს ეკონომიკის გლობალიზაციის, ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების, ასევე - განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციის პრობლემებს. გარდა სამეცნიერო წრეებისა, როდრიკი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკურ ორგანიზაციებში.

- ბატონო ელგუჯა, რით არის გამორჩეული დანი როდრიკის თეორია?

- მისი შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება თანამედროვე მეინსტრიმული ეკონომიკური მიმართულებებისაგან - ეკონომიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმისგან. როდრიკი მიიჩნევს, რომ ბაზრის ყოვლისშემძლეობის მტკიცება მითია და აუცილებელია ბაზართან ერთად ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოც აქტიურად მონაწილეობდეს. მისი აზრით, ბაზარი და სახელმწიფო ერთად უნდა ახორციელებდნენ საკუთარ ეკონომიკურ ფუნქციებს და მათ შორის გარკვეული კოორდინაცია უნდა იყოს. როდრიკი ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს საბაზრო ეკონომიკის ერთიანი უნივერსალური მოდელი და თითოეული ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელსაც ისტორიული გამოცდილება, ტრადიციები, კულტურა განსაზღვრავს, ეკონომიკური განვითარების საკუთარ მოდელს უნდა იყენებდეს. როდრიკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინსტიტუტების როლს ეკონომიკის ფუნქციონირებაში და ამით ძირეულად განსხვავდება ლიბერტარიანული მიმართულების ეკონომისტებისაგან, რომლებიც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს - ბაზარს აღიარებენ. განსხვავებულია დანი როდრიკის დამოკიდებულება ეკონომიკური გლობალიზაციის პრობლემის მიმართაც. თავის წიგნში „გლობალიზაციის პარადოქსი: დემოკრატია და მსოფლიო ეკონომიკის მომავალი“, რომელიც 2011 წელს გამოიცა, იგი გლობალიზაციისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე ამახვილებს ყურადღებას - მთავარ პრობლემად როდრიკი ეკონომიკის გლობალიზაციის შედეგად მსოფლიოში სოციალური უთანასწორობის ტოტალურ გაღრმავებას ასახელებს.

- მხოლოდ ამ შეხედულებების გამო მიიქცია როდრიკის თეორიამ ჩვენი მთავრობის ყურადღება?

- ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია როდრიკის შეხედულებები ინდუსტრიალიზაციაზე. ახლო წარსულიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის დროს საქართველო ინდუსტრიულ - აგრარული ეკონომიკის მქონე რესპუბლიკა იყო. პოსტკომუნისტური სისტემური კრიზისი ყველაზე მწვავედ ინდუსტრიის სფეროს შეეხო: მოხდა ჩვენი ქვეყნის სრული დეინდუსტრიალიზაცია და საქართველოს ეკონომიკა „პოსტინდუსტრიულ“ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინდუსტრიული ქვეყნების პოსტინდუსტრიალიზმისგან განსხვავებით, რაც ამ ქვეყნების განვითარების კანონზომიერი შედეგია, საქართველოს პოსტინდუსტრიული ეკონომიკა განუვითარებლობის, ჩამორჩენილობის და უპერსპექტივობის სინონიმი გახდა. როდრიკი იმ ეკონომისტთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს გლობალური მასშტაბით რეინდუსტრიალიზაციის აუცილებლობაზე. 2008 წლის კატასტროფული გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ამ მოსაზრებამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ამ კონტექსტში საქართველოს ეძლევა შანსი ეკონომიკის გლობალური რეინდუსტრიალიზაციის პროცესში ჩაერთოს, რომ ჩვენც შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზება ცოდნაზე დამყარებული ინოვაციური განვითარების მოდელის შესაბამისად.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკას როდრიკის თეორიის ეს პუნქტიც შეესაბამება?

- დიახ, ასეა და სწორედ ამ მიზანს ისახავს მთავრობის მიერ გაცხადებული ოთხპუნქტიანი გეგმის პირველი პრიორიტეტი - ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება მისი ხარისხის ამაღლების მიზნით, როგორც დაჩქარებული ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი“, რომელიც რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობს. მე, როგორც პროფესიონალ ეკონომისტს, მიმაჩნია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ამ მიმართულებით პერსპექტიულია და მოხარული ვარ, რომ მსოფლიოში არაერთი აღიარებული მეცნიერ-ეკონომისტი, მათ შორის დანი როდრიკიც, დადებითად აფასებს ამ პოლიტიკას. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩვენი მთავრობა მომავალშიაც გაითვალისწინებს ამ მეცნიერის რჩევებს. ეს მას ძალიან დაეხმარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

ხათუნა ჩიგოგიძე