გოთუას ქუჩაზე კლდის ჩამოშლის მიზეზი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი

გოთუას ქუჩაზე კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით დასკვნა გაკეთდება და მიზეზი გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოთუას ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს გაიცა.

”ამასთან დაკავშირებით დასკვნა გაკეთდება და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მიზეზი. თუ ეს მიზეზი გამოწვეულია მაღლივი მშენებლობით, რომელზე ნებართვაც გაიცა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას ინფორმაციით, გუშინ თბილისის მერიის რეაგირება იყო მყისიერი, ადგილზე იმაყოფებოდნენ კონსტრუქტორები და გეოლოგები.

”კეთილმოწყობის სამსახური მოამზადებს გამაგრების პროექტს, რათა ტერიტორია გავხადოთ უსაფრთხო. რაც შეეეხება მაღლივ მშენებლობას ნებართვა ჩვენამდეა გაცემული და ამ საკითხს ჩვენ დამატებით გადავხედავთ რასაკვირველია. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა მოგვარდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში”, - განაცხადა ნარმანიამ.

გოთუას ქუჩაზე კლდის მასა გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა დაზიანდა.