რუსეთი თურქულ კომპანიებს სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის

რუსეთი თურქეთის კომპანიებს დაწესებულ სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის, მოსკოვსა და ანკარას შორის ჩარტერული ავიარეისების განახლება კი „ტექნიკისა და უახლოესი დროის ამბავია“.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგში, თურქ კოლეგა რეჯებ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„იმ საკითხებს, რომლებიც არ საჭიროებს ხანგრძლივ შეთანხმებებს, უწყებებს შორის, უახლოეს კვირებში გადავწყვეტთ“, - განაცხადა პუტინმა.

სირიის შესახებ საუბრისას, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რუსეთისა და თურქეთის პოზიციები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვეოდა, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამონახვას შეეცდებიან.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება - „თურქულ ნაკადს“ და ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ აშენებას უკავშირდებოდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ანკარამ ამ პროექტების განახლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება 2015 წლის ნოებრიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.