წლის ბოლომდე ქვეყნიდან 1,6 მლრდ დოლარს "გაზიდავენ"

საქართველოს წლის ბოლომდე კიდევ 1,628 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი.

ეს თანხა მე-3 და მე-4 კვარტალში როგორც სამთავრობო, ასევე სხვა სექტორებმა კრედიტორებს უნდა გადაუხადონ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ მხრივ უმძიმესი პერიოდი გველის 2017 წლის დასაწყისშიც. მარტო პირველ კვარტალში ვალის მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 811 მლნ დოლარი უნდა გავიდეს. ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება კი ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ სექტემბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მე-3 კვარტალში საგარეო ვალის მომსახურებისთვის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა მთლიანად 828,5 მლნ დოლარი უნდა გადაიხადოს. აქედან, სამთავრობო ვალია - 54,4 მლნ დოლარი, ეროვნული ბანკის - 4 მლნ დოლარი, კომერციული ბანკების - 247,6 მლნ დოლარი, სხვა სექტორის ვალი 342,6 მლნ დოლარს აღწევს, კომპანიათაშორისო სესხების მოცულობა კი 179,9 მლნ დოლარს შეადგენს.

გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა შედარებით მცირდება მე-4 კვარტალში, წლის ბოლოს ვალების მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 800 მლნ დოლარი გავა. ამ თანხიდან სამთავრობო სექტორს 64,3 მლნ დოლარის, ეროვნულ ბანკს კი 2 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევს. მე-4 კვარტალში კომერციულმა ბანკებმა 187,1 მლნ დოლარის საგარეო ვალი უნდა გადაიხადონ და სხვა სექტორმა კი - 362,1 მლნ დოლარი. კომპანიათაშორისო სესხების მოცულობა კი 184,6 მლნ დოლარს შეადგენს.

გასასტუმრებელი საგარეო ვალის მხრივ დამაიმედებელი არც 1017 წლის პირველი კვარტალია. იმ დროს სამთავრობო და სხვა სექტორებს მთლიანად 811,1 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევთ. აქედან სამთავრობო სექტორმა საგარეო ვალის მომსახურებისთვის 48,4 მლნ დოლარი უნდა გადაიხადოს, სებ-მა - 4 მლნ დოლარი და სხვა სექტორმა - 342,8 მლნ დოლარი. სებ-ის ინფორმაციით, კომპანიათაშორისო სესხების მომსახურებისთვის მომავალი წლის პირველ კვარტალში 177,5 მლნ დოლარის გასტუმრება უნდა მოხდეს.

როგორც ჩანს, მომავალი 3 კვარტალის განმავლობაში ქვეყნიდან დამატებით 2,439,6 მლრდ დოლარი გავა, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის კურსზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს. ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, როდესაც ძლივს გამყარებული ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, ეკონომისტები ამას სწორედ საგარეო ვალის დაფარვის მიმდინარეობას უკავშირებდნენ.

ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ წელს საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორს, მთლიანობაში გადასახდელი ჰქონდა 4,780 მლრდ დოლარის საგარეო ვალი. ეს არის პიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ს შეადგენს.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ 2016 წელს გვაქვს ადრე აღებული ვალის დაფარვის პიკი და სწორედ ეს `ურტყამს~ მნიშვნელოვნად ლარის კურსს. გაცილებით უმჯობესდება მდგომარეობა 2017 წლიდან, როცა დასაფარი ვალი 2,5 მლრდ-ს ფარგლებშია და ეს ვითარებას საგრძნობლად შეამსუბუქებს. მომავალ წელს გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა მშპ-ს 16%-ის ფარგლებშია, 2018-ში კი - 7%. ასე რომ, ჩვენ წელს პიკურად ვემსახურებით საგარეო ვალს, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მიხეილ დუნდუამ.

მისივე თქმით, არსებობს ფაქტორებიც, რომელიც ლარის კურსზე დადებით გავლენას ახდენს, მათ შორის ის, რომ გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები, მომატებულია სააქციო კაპიტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებების წილი და ამასთან, გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი:

"ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ლარის გამყარების პერსპექტივას ზრდის და აძლიერებს იმას, რამაც ლარი უნდა გაამყაროს. ახლა, ვინაიდან ვალის გადახდის პროცესი პიკურ ფაზაშია შესული, ლარი ამიტომაც არის ამ ნიშნულზე დაბალანსებული, მაგრამ ტურისტების ზრდა, ინვესტიციების მატება ქმნის იმის საფუძველს, რომ ლარი მომავალში აუცილებლად გამყარდება.

მოკლედ, ვალის გადახდა წელს ჩვეულებრივ მოხდება, შემოდომაზე მისი წნეხი ეკონომიკაზე შედარებით შემცირდება და, ბუნებრივია, გაზრდილი ინვესტიციები ლარს გამყარების უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. მე ველოდები, რომ მე-4 კვარტალში ლარის გამყარება აუცილებლად მოხდება", - დასძინა დუნდუამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტს ემზარ ჯგერენაიას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 30%-ით მაინც არ გაიზარდა, წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა სავარაუდოდ, 15-20 თეთრით კიდევ გაუფასურდება.

"წლის ბოლომდე ლარს ძალიან სერიოზული წნეხი ელის, ეს გამოწვეული იქნება არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ ვალის გასტუმრების თვალსაზრისითაც. ვალის გასტუმრება, ანუ იგივე უკუსტერილიზაცია და ლარის დოლარებში გადახურდავება, ცხადია, რომ კურსის დაცემას გამოიწვევს. ამიტომ, თუ ინვესტიციები არ გაიზრდება წინა წლის მონაცემებთან შედარებით 30%-ით მაინც, მაშინ საგარეო ვალის მომსახურებისთვის დოლარის ამოღება ბაზარზე ლარის კურსის დაცემას გამოიწვევს.

რაც შეეხება იმას, თუ რა ნიშნულზე შეიძლება ლარის კურსი დაბალანსდეს, ძალიან რთულია. თუ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იმ დიაპაზონში დარჩა, რაც ახლაა, არ გაიზარდა ინვესტიციები, მაშინ ლარზე ზეწოლის მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 35% და წლის ბოლოს ვალუტაც დაახლოებით 15-20 თეთრით გაუფასურდება", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ საგარეო ვალის მომსახურების გადახდისას აუცილებელია, რომ სებ-მა და ფინანსთა სამინისტრომ კოორდინირებულად იმუშაონ, რათა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარის გასვლა ლარზე მორიგი ზეწოლის მიზეზი არ გახდეს.

"ბოლო პერიოდში ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეჩერდა. სხვა შემთხვევაში, ლარი აღარ უნდა გაუფასურებულიყო 2,34-2,35-ის ნიშნულზე. რაც შეეხება საგარეო ვალს, თუ მისი გადახდა მოხდა ისე, რომ სებ-მაც გაითვალისწინოს ეს მომენტი და კოორდინირებულად იმუშაოს მთავრობასთან ერთად, ლარი აღარ გაუფასურდება. თუკი ეროვნულმა ბანკმა ისევ ისე გააგრძელა მოქმედება როგორც აქამდე, მაშინ ლარი აუცილებლად გაუფასურდება. ამიტომ სებ-თან კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რომ საგარეო ვალის მომსახურების პერიოდი ლარზე მტკივნეულად არ აისახოს", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ქვეყნიდან ყოველწლიურად იმპორტის მომსახურებისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარი გადის. თუ ამას საგარეო ვალის მომსახურებასაც დავუმატებთ, რაც წელს პიკურ მაჩვენებელზეა, გამორიცხული არ არის, რომ მან ლარის კურსის ფორმირებაზე ნეგატიური გავლენა მართლაც მოახდინოს.

ლარის კურსის ცვალებადობასთან საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. მარტში, პირველი კვარტალის მიწურულს, ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა. ლარი გაუფასრუდა მეორე კვარტალის მიწურულსაც, რაც ერთი მხრივ, მიანიშნებდა იმას, რომ კვარტალის ბოლოს ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულების გასტუმრების პერიოდი ჰქონდათ და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვა განახორციელეს. მესამე კვარტალის ბოლო კი სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"