თურქული მედია - საქართველო თურქეთს 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის ვალს გადაუხდის

საქართველომ თურქეთის წინაშე, 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის არსებული ვალი აღიარა.

თურქული მედიის ცნობით, 1 მილიარდი კილოვატისთვის არსებულ ვალს ქართული მხარე თურქულ კომპანია TETAŞ-ს გადაუხდის.

პრესის ცნობით, შესაბამის პუნქტს შეიცავს გასული წლის 9 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაამტკიცა.

ამ შეთანხმების თანახმად, შეიქმნება „სამუშაო ჯგუფი ენერგეტიკის საკითხებში“, რომლის ფარგლებშიც თურქეთ-საქართველოს შორის მოხდება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ქვეყნებმა ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელ ENTSO-E-ში წევრობის დროს მიიღეს.

სამუშაო ჯგუფი სხდომებს წელიწადში ერთხელ გამართავს.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის აშენდება 400 და 154-კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზები.