საქართველო ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ჰონგ კონგთანაც გეგმავს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განუცხადა, ჩინეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთან შეთანხმების გაფორმების სურვილი ჰონგ კონგმაც გამოთქვა.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მნიშვნელოვანი სიახლე გავიგეთ. ჰონგ კონგმა გამოხატა ინტერესი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ჩვენ შევთანხდით, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სექტემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამატებით 7,5 მილიონიანი, მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასრულებას სექტემბრისთვის ვარაუდობს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით, პროდუქტების გარკვეული ჩამონათვალი კი ნულოვანი ტარიფებით შევა. ამასთან, შეთანხმება საქონლის გარდა, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.

„შეთანხმების გაფორმების შემდეგ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები განულდება და ჩვენი კომპანიები მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით შეძლებენ ჩინეთში პროდუქციის შეტანას. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ამ კუთხითაც მოხდება ლიბერალიცაზია და შეგვეძლება ისეთი სერვისები მივაწოდოთ, როგორიც ტურიზმი, ტრანსპორტი, კომუნიკაციის სფეროა. ჩინეთმა 9-პროცენტიანი წილით საქართველოს მთლიან ექსპორტში მეორე ადგილი დაიკავა და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქციის, ისეთ ბაზარზე როგორიც ჩინეთია 1,4 მილიარდი მომხმარებლით“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება ექნება.

ნუცა შუბაშვილი