საქართველო საავიაციო ტურისტულ რალის მასპინძლობს

საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეები საქართველოში არიან.

ისინი ევროპიდან საქართველოში 9 საჰაერო ხომალდით ჩამოფრინდნენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჯგუფის წევრებს ნატახტარის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შეხვდნენ.

საავიაციო ტურისტულ რალიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 30 ადამინი მონაწილეობს. მფრინავები საჰაერო ხომალდებით (Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T) მესტიას და თელავს მოინახულებენ. ჯგუფის წევრები ავტომობილებით ყაზბეგში გაემგზავრებიან. ევროპელი მფრინავები საქართველოს გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან ესტუმრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საავიაციო რალი 5 აგვისტოს, უნგრეთში დაიწყო, საქართველოში კი ევროპელი მფრინავები 13 აგვისტომდე დარჩებიან. საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ჰანს გუთმანის სახელობის ავიარალი ყოველწლიურად ტარდება.