ყავა ”ჩერი” უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავა

ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია ”ჩერი” უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანიის მენეჯერმა თინათინ ლომთათიძემ განუცხადა, კომპანიის პროდუქციის ექსპორტი, პირველ ეტაპზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოხდება.

”ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ჩვენი წარმოებული ყავა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე შევა”, - აღნიშნა თინათინ ლომთათიძემ.

მისივე თქმით, ”ჩერი” საკუთარი წარმოების ყავას ქართველ მომხმარებელს ერთჯერადი პაკეტებითაც შესთავაზებს:

”გვინდა, ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს. ამიტომ, ჩერი-კლასიკს და ჩერი-ხსნადს ერთჯერად პაკეტებში მოთავსებულს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ასევე, გვექნება ე.წ. ”სამი ერთში” ერთჯერადი ყავა”, - აღნიშნა თინათინ ლომთათიძემ.

შპს ”ჩერი” 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება და საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანია 5 დასახელების ყავას აწარმოებს: ჩერი - კლასიკი; ჩერი-ორიგინალი; ჩერი - ნატიფი; ჩერი-გოლდი; ჩერი-ხსნადი.