ფეთჰულა გიულენს სამშობლოში  2 210 000 დღით იძულებითი წესით მუშაობა ემუქრება

თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენისთვის 2 სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 210 000 დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს.

ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა.

პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დამნაშავედ ცნოს „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის“, „მთავრობის ძალადობრივი გზით ჩამოგდების მცდელობის“, „რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა“ და „ტერორიზმის დაფინანსების“ მუხლებით.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მოღვაწე ფეთჰულა გიულენი გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს.