ოთარ დანელია - თურქეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესებას საჭიროებს

ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები თურქეთთან საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას , - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს ფარუკ ჩელიკს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ დანელიამ აღნიშნა, თურქეთი არის საქართველოს ახლო მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები.

„ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. ჩვენ შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში ექსპორტის თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია 44 თურქი ბიზნესმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ბიზნესფორუმში და შეხვდებიან ქართველ ბიზნესმენებს.

„ეს არის პირველი ბიზნესფორუმი და რაც მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი 22-წლიანი პაუზის შემდეგ. ჩვენ ასევე შევთანხმდით რეგლამენტზე, რომ აუცილებლად გვექნება ყოველწლიური შეხვედრა“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი იძლევა შესაძლებლობას, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამის გაუმჯობესება. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2014 წლიდან წამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, არის ბევრი პოზიცია, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს.

„მათ შორის, ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული და რა პროდუქტების ექსპორტიც ხორციელდება ევროკავშირში. ამიტომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი არის ასევე დამატებითი საწინდარი იმის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვა ბაზრებზე ურთიერთვაჭრობის შესაძლებლობები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა თხილი, ხორცი, ასევე ისაუბრეს თაფლთან და ყურძნის კონცენტრატთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ თხილის თვალსაზრისით თანამშრომლობის ნაწილზე, ვინაიდან თურქეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა თხილის ექსპორტის თვალსაზრისით, აქვს კარგი გამოცდილება და ეს ჩვენ უნდა გავიზიაროთ, ხორცის ექსპორტი გახლავთ ასევე ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ პრინციპულად უკვე შევთანხმდით, ეს გახლდათ ერთ-ერთი ღია საკითხი წლების მანძილზე, თუმცა ამის პირობა 10-15 წლის წინ ნამდვილად არ არსებობდა. დღეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომელიც ყველანაირ გარანტიას იძლევა, რომ იქნება კეთილსაიმედო და უვნებელი გარემო, რათა მოხდეს ხორცის ექსპორტი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, ვაჭრობა ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის თურქეთიდან იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხორციელდება.