პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი მინდელის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.

ადვოკატები სასამართლოს სთავაზობენ, რომ მინდელი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, მერაბ ჩიქოვანმა აღნიშნა, ირაკლი მინდელი გამოძიების დაწყების მომენტიდან თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და მისი დაკითხვაზე დაბარებისთანავე გამოცხადდა პროკურატურაში და დაკითხვის შემდეგ მიმალვა არ უცდია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მინდელს არც მოწმეებზე და არც დაზარალებულებზე მოუხდენია ზეწოლა.

რაც შეეხება ქვეყნის დატოვების ალბათობას და იმას, რომ "ცენტრ პოინტ აჭარას" ხელმძღვანელი ხშირად ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს, ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ 2011 წლის შემდეგ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება.

პროკურორები "ცენტრ პოინტის" საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებულებისთვის, "ცენტრ პოინტის" დამფიძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილისთვის, "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილისთვისა და "ცენტრ პოინტ აჭარას" ხელმძღვანელისთვის ირაკლი მონდელისთვის აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე და დაზარალებულებზე ზემოქმედებისა და საქართველოს საზღვრის დატოვების მცდელობას ექნება ადგილი.

პროკურორების თქმით, მაია რჩეულიშვილს სხვა საქმეზე შეფარდებული ჰქონდა გირაო, თუმცა აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის აღნიშნული ფორმა არ აღმოჩნდა შემაკავებელი, რათა რჩეულიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობა აღარ გაეგრძელებინა. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.