რკინიგზა - მატარებელში ელექტრო სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარების მცდელობამ სხვადასხვა სისტემები გათიშა

“საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს მიმართავს, რომ სიგარეტის მოწევა საფრთხეს უქმნის მატარებლის უსაფრთხოებას.

კერძოდ, როგორც “საქართველოს რკინიგზაში” განმარტავენ, STADLER KISS მატარებელები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მაღალმგრძნობიარე სენსორებს ელექტრო სიგარეტისა და თამბაქოს კვამლის აღმოჩენისას, მოქმედებაში მოჰყავს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რაც თავის მხრივ ბლოკავს მატარებელის სხვადასხვა კვანძებს და შესაძლოა მისი სრული გაჩერება გამოიწვიოს.

”სამწუხაროდ, ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებლის N803 რეისის შესრულების დროს გამოვლინდა სამი სხვადასხვა ფაქტი - ელექტრო სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარების მცდელობამ გათიშა კონდიცირების ქსელი, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სისტემების გათიშვა. მისი აღმოფხვრა მხოლოდ სამტრედიის სადგურში შესვლის შემდგომ გახდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, მგზავრებს შეექმნათ დისკომფორტი, რამაც მათი მხრიდან სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. სამატარებლო ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანისთვის”, - აღნიშნულ განცხადებას “საქართველოს რკინიგზა” facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს, რომ მატარებელში სიგარეტის მოწევა აკრძალულია და მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ მატარებელში თამბაქოსა თუ ე.წ. ელექტრო სიგარეტის მოხმარებისგან.