დავით ნარმანია - ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით მერიამ საგამოძიებო ორგანოს ყველა მასალა მიაწოდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ საგამოძიებო ორგანოებს ყველა მასალა მიაწოდა

, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა ყაზბეგის გამზ. 24-ში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ დასკვნაში მითითებული დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გასცა.

„რაც შეეხება საღ ხეებს, საღ ხეებზე მერიას დასკვნა და თანხმობა არ გაუცია. 18 ხის შენარჩუნებაზე გამწვანების სამსახურმა კერძო კომპანიას პირდაპირ მიწერა, რომ ეს 18 ხე შეენარჩნებინა და სამი ხე გადაერგო. ასე რომ, ჩვენ თანხმობა გავეცით მხოლოდ და მხოლოდ დასკვნის საფუძველზე. სხვა დანარჩენ საკითხებს, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ გვქონდა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ. ჩვენ ყველა ინფორმაცია და ყველა მასალა, რაც ხელთ გვქონდა, მათ მივაწოდეთ. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობასთან დაკავშირებული მოქმედი წესებისა და ნორმების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე განახორციელოს ზედამხედველობა.

„როგორც კი ნახა ზედამხედველობის სამსახურმა პროცესი ხეების ჭრასთან დაკავშირებით, მაშინვე გადაამოწმა და პროცესი შეჩერდა. ასე რომ, სწორედ ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე მოხდა პროცესის შეჩერება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს პროკურატურა სწავლობს.