ქართულ ბაზარზე შესაძლოა კივის დეფიციტი შეიქმნას

„წელს ქართულ ბაზარზე კივის დეფიციტი შეიქმნება და ადგილობრივ პროდუქციას უცხოეთიდან შემოტანილი ჩაანაცვლებს“ - აცხადებენ ფერმერები, რომლებსაც კივის ნარგავები ადრე გაზაფხულზე ყინვამ დაუზიანა.

როგორც ზუგდიდის რაიონის მკვიდრმა, ფერმერმა დემურ ფიფიამ გვითხრა, თუ ასე გაგრძელდა, კივის ნარგავებს ყველა ამოძირკვავს და მის ნაცვლად თხილს გააშენებს.

„წელს კივის მოსავალი აღარ გვაქვს: ჯერ ყინვამ დააზიანა, მერე ტენის დიდი რაოდენობა მოვიდა და ბოლოს გვალვაც დაემატა. ამ ყველაფერმა კივის პლანტაციებზე ძალიან ცუდად იმოქმედა. რაც ასხია, ისიც უხარისხო და ჩამომჭკნარია. მე მაგალითად, შარშან 5 ტონა კივი მოვიწიე, წელს კი 200 კილოგრამიც არ მექნება. სავარაუდოდ, ადგილობრივი წარმოების კივის წელს ირანული ჩაანაცვლებს, რომელიც უკვე გამოჩნდა ქუთაისის ბაზარში. არ ვიცი, ხელოვნურად არის დამწიფებული, თუ ასე ადრე როგორ მოიწიეს, მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს“, - ამბობს დემურ ფიფია.

ფერმერის თქმით, კივი ძირითადად ირანელებს მოჰყავთ, თურქეთში შედარებით მცირე რაოდენობით მოდის, რადგან ეს კულტურა თურქებმაც ვერ გაახარეს, ამიტომ, იქ, სადაც კივი ჰქონდათ, თხილი დარგეს. „ალბათ, ჩვენთანაც ასე მოხდება“ - აცხადებს ფერმერი.

შპს „გემოვანის“ დირექტორის მოადგილე, მერაბ ფიფიაც ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში კივი უამინდობამ დააზიანა და მოსავალი ყველას ძალიან მცირე რაოდენობით ექნება.

„გაზაფხულის ყინვამ ეს კულტურა ძალიან დააზიანა. შარშან საუკეთესო მოსავალი გვქონდა, წელს კი, მისი 10 პროცენტიც არ გვექნება. თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი როგორ წავა საქმე. არა მარტო ჩვენთან, თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში ასეთივე მდგომარეობაა. ამიტომ წელს ბაზარზე კივი ძალიან ძვირი იქნება. მოსავალს ნოემბრის ბოლოს ვკრეფთ ხოლმე, მაგრამ უკვე ეტყობა, რომ 10 პროცენტიც არ იქნება იმისა, რაც შარშან დაიკრიფა. ალბათ ქართულ პროდუქციას უცხოური ჩაანაცვლებს და კივის საწყისი ფასი 4-5- ლარი მაინც იქნება ეს მაშინ, როცა შარშან 1 კგ კივი 50 თეთრად იყიდებოდა, მაქსიმალური ფასი 1 ლარი იყო“, - აღნიშნავს მერაბ ფიფია.

აგრონომი აკაკი ღლონტი კი მიიჩნევს, რომ კივის პლანტაციების ამოძირკვა და ამ კულტურაზე უარის თქმა დიდი შეცდომაა.

„ჩვენთან მთავარი პრობლემა გაზაფხულის ყინვებია. როდესაც მცენარე ვეგეტაციის ფაზაში შედის, იქმნება საშიშროება, რომ ტემპერატურა დაეცეს და ყინვამ მოსავალი გაანადგუროს. ამიტომ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ მეთოდები, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. არსებობს ორი მეთოდი, რომელიც კივის (და არა მარტო კივის) პლანტაციებს გაზაფხულის ყინვისგან იცავს: ერთი - წყლისმიერი მეთოდია და მეორე - ქარისმიერი მეთოდი. უკვე არსებობს პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სამომავლოდ, მთელ საქართველოს მოიცავს. ამ პროექტში მეც ვარ ჩართული და კარგად ვიცი, რომ ჩვენს ფერმერებს კივის პლანტაციების ყინვისგან დაცვა არ გაუჭირდებათ. საქმე ის არის, რომ ჩვენ გრუნტის წყლებიც გვაქვს და მდინარეებიც. ამ მიზნით ჭის წყლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება: ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ყინვის დროს წყალი უფრო თბილია. ამიტომ, შეიძლება სარწყავი სისტემის მსგავსი აპარატურის მოწყობა და წყლის მიშვება კივის პლანტაციებზე. წყალი ყინვის ზემოქმედებას გაანეიტრალებს და ნარგავებს დაიცავს. როგორც ვიცი, ყინვის დროს წყლის ტემპერატურა 12-14 გრადუსი მაინც არის და როდესაც ეს წყალი ბაღს გადაევლება, ყინვის ზემოქმედებას გააბათილებს.

რაც შეეხება ქარისმიერ მეთოდს, ის თბილი ჰაერის გამოყენებას გულისხმობს. ამ დროს ვენტილატორის მსგავსი მოწყობილობა თბილ ჰაერს ქვემოთ მოაქცევს, ხოლო ცივს - ზემოთ, ოღონდ ამისათვის მცირე ზომის სადგურია და ძრავია საჭირო. ქარისმიერ მეთოდს ელექტროენერგიაც სჭირდება, მაგრამ 4-5- ტონა მოსავლის გადასარჩენად ამ ხარჯის გაღება ნამდვილად ღირს.

აკაკი ღლონტის თქმით, ამ მეთოდებს ევროპელებიც წარმატებით იყენებენ, იაპონელებიც და ამერიკელებიც.

- უკვე დადგენილია საცდელი ადგილებიც - ეს მოწყობილოებები ჯერ ქობულეთში დამონტაჟდება, მომავალ გაზაფხულზე კი, უკვე ზუგდიდის რაიონში. პროექტზე მე ვმუშაობდი, მისთვის თანხა უკვე გამოყოფილია, უბრალოდ, აპარატურის შეძენაა საჭირო. ქარისმიერი მეთოდი კარგია იმათთვის, ვისაც უფრო დიდი ბაღები აქვს. ის ვაშლისა და ატმის ბაღებსაც დაიცავს ყინვისგან. წყლისმიერი მეთოდი კი, ნაკლებად ხარჯიანია და უფრო მცირე ფართობებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროცესს 5-კილოვატიანი მოტორიც ჰყოფნის, თანაც იმით არის მომგებიანი, რომ ზაფხულში სარწყავ სისტემადაც გამოდგება. ჩემი აზრით, 4-5 ტონა კივის დასაცავად ხარჯის გაღება ნამდვილად ღირს. ამიტომ, ფერმერებს ვურჩევდი, რომ კივის ნარგავები არ ამოძირკვონ. არ ღირს ამ სასარგებლო კულტურაზე უარის თქმა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ყინვის დროს, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, შედარებით მეტი მოვლა სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე