რომელ ქვეყანაში უფრო მეტ დახმარებას იღებენ სოციალურად დაუცველები

საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ქვეყანაში სოციალური დახმარება დიფერენცირებულია. შემწეობის მიმღებთა მცირე ნაწილი თანხას ძველი მეთოდოლოგიით იღებს და ოჯახის უფროსზე 60 ლარს, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებზე - 48 ლარს შეადგენს. ახალი მეთოდოლოგიით კი, სოციალური დახმარება გაიცემა მინიჭებული ქულების მიხედვით. კერძოდ, 30 ათას ქულამდე ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებულია 60 ლარი, 30-დან 57 ათასამდე ქულაზე - 50 ლარი, 57-60 ათას ქულამდე 40 ლარი და 60-დან 65 ათასამდე 30 ლარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ოჯახში არის 7 წევრი და მათთვის მინიჭებული ქულა არ აღემატება 30 ათასს, ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს 420 ლარს.

სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

აშშ

1996 წლამდე აშშ-ში გამოიყოფოდა დაფინანსება ისეთი კატეგორიის ხალხისთვის, რომლებიც შტატების კანონმდებლობით დახმარებას ექვემდებარებოდა. ამ ოჯახებისთვის თანხის უმეტესი ნაწილი პირდაპირი ანაზღაურების გზით მიდიოდა. მოგვიანებით შტატებმა თანხების დიდი ნაწილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ასევე ბავშვთა დაცვას და მათ განვითარებას დაუთმო. 2015 წელს პირდაპირი გადახდა მთლიანი თანხის მოცულობის 25 %-ს შეადგენდა, დანარჩენი კი სოციალური საკითხების მოსაგვარებლად მიდიოდა. ამერიკაში სოციალური დახმარების პოლიტიკა 1996 წლის შემდეგ გამკაცრდა და შემოიღეს ჯარიმები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროების გარეშე იღებდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ შემცირდა ასეთი ტიპის ოჯახების რაოდენობა.

თუმცა, ამერიკის შტატებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა სოციალური დახმარებების მიმღებთა შორის. ყველაზე მწირი დახმარება მისისიპის შტატშია და თვეში 153 დოლარს შეადგენს. ხოლო ყველაზე გულუხვი ალასკას შტატია, სადაც სოციალურად დაუცველებზე დახმარების სახით 642 დოლარი გაიცემა. სოციალური დახმარების საშუალო მონაცემი კი 418 დოლარს შეადგენს. მსგავსი დახმარების მიღება შესაძლებელია სიცოცხლეში მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. ამერიკაში უმწეოთათვის სხვა ტიპის დახმარებებიც არსებობს. მაგალითად, ფასდაკლების კუპონები, სამედიცინო დახმარებები მედიკამენტების სახით.

კანადა

კანადაში დახმარების მიმღები ჯანმრთელი ადამიანი ვალდებულია აქტიურად ეძებოს სამუშაო. ამერიკისგან განსხვავებით, კანადაში არ არის დაწესებული დროებითი შეზღუდვა და ასევე ასეთი ტიპის დახმარებაზე მოთხოვნა შეიძლება გამოთქვან უშვილო ოჯახებმაც. ონტარიოს პროვინციაში მშობელი, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, დახმარების სახით თვეში 941 კანადურ დოლარს იღებს, რაც 724 დოლარის ექვივალენტია.

საფრანგეთი

ძალიან გულუხვი ქვეყანაა ასეთი დახმარებების გაცემის კუთხით. სოციალური დახმარებით საფრანგეთში 25 წელს ზემოთ ან 18 წელს ზემოთ ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ, თუ ისინი მარტოხელა მშობლები არიან. სოციალური დახმარება გაიცემა იმ ადამიანებზეც, ვინც სამსახური დაკარგა. საფრანგეთში, ამერიკისგან განსხვავებით, ბავშვების ყოლა სოციალური დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობა არ არის. მაგრამ ის, ვისაც ბავშვი ჰყავს, იღებს მეტ თანხას. მარტოხელა მშობელს, რომელსაც არ აქვს სხვა რაიმე შემოსავალი, უხდიან მაქსიმალურ თანხას 1 069 ევროს ოდენობით თვეში.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში 6 პროგრამა მოქმედებს სოციალურად დაუცველთათვის. ამაში შედის ანაზღაურება უმუშევრობის დროს. ინდივიდუალური შემოსავლების მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის 16-დან 65 წლამდე, რომელთაც ან საერთოდ არ გააჩნიათ შემოსავალი, ან ძალიან მცირე შემოსავალი აქვთ. ბრიტანეთში მარტოხელა მშობელი, 2 ბავშვის ყოლის შემთხვევაში 292 ფუნტს (344 დოლარი) იღებს.

იაპონია

1990 წლამდე იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართავდა, ძალიან მცირე იყო. მათი რაოდენობა იაპონიაში არც დღეს არის დიდი და მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ამ ადამიანთა ნახევარი 60 წელსაა გადაცილებული და არ აქვთ სამსახურის პოვნის შესაძლებლობა. ანაზღაურება ასეთი ხალხისთვის რთული სქემის მიხედვით მოქმედებს და განისაზღვრება მინიმალურ და დამაკმაყოფილებელ ხარჯებს შორის. იაპონიაში დახმარებას არ უხდიან ადამიანებს, ვისაც შრომისუნარიანი ნათესავები ჰყავთ. იაპონიის მოქალაქეს არა მხოლოდ ტრადიციები, არამედ კანონი და კოდექსიც ავალდებულებს ნათესავებზე ზრუნვას.

ქრისტინე გამთენაძე