სემეკი - ”ენგურჰესისთვის” 2017 წლის ტარიფის დადგენის პროცესი ტარიფის მატებას არ გულისხმობს

”ენგურჰესისთვის” 2017 წლის ტარიფის დადგენის პროცესი ტარიფის მატებას არ გულისხმობს,

- ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, სადაც 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-მა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

”სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპის საუკეთესო გამოცდილებას, საწარმოებისათვის ტარიფების დადგენა ხდება ყოველწლიურად. კომისია ამჯერად იმსჯელებს 2017 სატარიფო წლის ტარიფების დადგენაზე. მოხდება საწარმოთა ფინანსური და ტექნიკური წლიური მაჩვენებლების შესწავლა, რის შემდეგაც კომისია საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ტარიფების დადგენაზე. ტარიფების გადათვლის პროცესი ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო ტარიფის მატებას”, - განაცხადეს სემეკ-ში.

სემეკ-მა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის, შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის, შპს „ენგურჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით 26 აგვისტოს საჯარო სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

აღნიშნულ საკითხებზე კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 23 სექტემბერი განისაზღვრა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და შპს „ენერგოტრანსის“ საკითხებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 დეკემბერი, ხოლო შპს „ენგურჰესისათვის“ - 2017 წლის 6 იანვარი განისაზღვრა.