Apple-ის 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმებას ტიმ კუკმა "პოლიტიკური სისულელე" უწოდა

ამერიკული კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ევროკომისიის მიერ „ეფლის“ 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმებას „პოლიტიკური სისულელე“ უწოდა.

როგორც ტიმ კუკმა ირლანდიურ გამოცემა Irish Independent-თან საუბრისას განაცხადა, ირლანდიაში Apple-ს საგადასახადო შეღავათებით არ უსარგებლია.

„აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო კანონთან და არც საფუძვლიანია. როდესაც ბრალს გდებენ იმაში, რაც უცხოა შენი ღირებულებებისთვის, ეს შეურაცხმყოფელია. Apple არასდროს არღვევდა კანონს“, - აღნიშნა ტიმ კუკმა.

რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია რეკორდული თანხით - 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიაში საქმიანობისას გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის.