Samsung ხარვეზების გამო Galaxy Note 7-ს უკან გაიწვევს

სამხრეთკორეული კომპანია Samsung წინასწარ შეკვეთით გაყიდულ ახალ სმარტფონ Galaxy Note 7-ს, რომელიც ფართო ბაზარზე ჯერ ოფიციალურად არ გამოსულა, უკან გაიწვევს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი ახალი სმარტფონის სუსტი ბატარეა აღმოჩნდა, რომელიც დატენვისას ფეთქდება.

კომპანია Hyundai Securities-ის სპეციალისტების თქმით, Galaxy Note 7-ის პრობლემებს კომპანიაში ძალიან მალე - რამდენიმე კვირაში აღმოფხვრიან. მათივე მტკიცებით, დიდი ალბათობით, აუცილებელია რამდენიმე დეტალის შეცვლა ან ელემენტებისთვის ადგილის შეცვლა მიკროსქემაზე.

როგორც ცნობილია, უკვე მომავალ კვირაში Galaxy Note 7-ის მთავარი კონკურენტის Apple-ის iPhone 7-ის პრეზენტაცია იგეგმება და სწორედ მისთვის უნდა გაეწია კონკურენცია აღნიშნულ მოდელს. ანალიტიკოსების აზრით, Galaxy Note 7-ის გაყიდვების გადადებით “სამსუნგი“ თითქმის 7 მილიარდი დოლარით იზარალებს.

მომხდარის ფონზე, "სამსუნგის" აქციები ამ დილით უკვე დაეცა 2%-ით.

კოკა კვირკველია