ახალი ავტობუსები თბილისში 7 თვის განმავლობაში ჩამოვა

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტი ფინალურ სტადიაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებს შეეხებოდა.

დავით ნარმანიას თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”მანმა” უკვე დაიწყო „ავტობუსების დამზადება“.

”ჩვენ მომდევნო კვირას ვეწვევით ”მანის” ქარხანას, სადაც დავათვალიერებთ უშუალოდ წარმოების პროცესს და ამ წლის შემოდგომიდან ახალი ავტობუსები ქალაქში გამოჩნდება. შემდეგ, ეტაპობრივად 7 თვის განმავლობაში თბილისში ყველა ავტობუსი ჩამოვა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ტენდერის შედეგად დედაქალაქში 143 ახალი ავტობუსი ჩამოვა.