შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა შემოდგომით გაიხსნება

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრეზენტაციის დაწყებამდე შეხვედრაში მონაწილეებს დედაქალაქის მერმა განცხადებით მიმართა და მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, სამუშაოებზე და პროექტებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერია საგზაო სტრუქტურის მოწესრიგების პროექტებზე მუშაობს. მან დაასახელა ახალი გზების მშენებლობა, კერძოდ, პუშკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და მახათას დამაკავშირებელი ახალი გზის დასრულება. დავით ნარმანიას თქმით, შემოდგომაზე ასევე გაიხსნება შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა. თბილისის მერის ინფორმაციით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ახალი კვანძის მშენებლობა იწყება, რის შედეგადაც ეს ქუჩები საცობებისაგან განიტვირთება. თბილისის მერმა ასევე ისაუბრა დედაქალაქში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებაც. მისივე განცხადებით, 2014 წელს თბილისში 500 000 კვ/მ ფართობზე დაიგო გზა. გასულ წელს სტიქიისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, საგზაო სამუშაოები 1 მილიონ კვ/მ ფართობზე შესრულდა, 2016 წლის გეგმა კი 1 400 000 კვ/მ -ზე საგზაო სამუშაოების შესრულებაა.

”კაპიტალური სამუშაოები სრულდება ნუცუბიძის, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე და სხვა უბნებზე. ამ ქუჩების მოწესრიგების შემდეგ, მოუწესრიგებლობით გამოწვეული დისკომფორტი მძღოლებს აღარ ექნებათ. საცობების განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ, მათ შორის ქალაქის ვიწრო და ცენტრალურ უბნებში პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება შევზღუდეთ და ისინი განსხვავებული გრაფიკით გადაადგილდებიან. ასევე დისტრიბუტორ კომპანიებთან ერთად ვიმუშავეთ და დისტრიბუტორი კომპანიების მანქანებს 20-მდე ქუჩაზე პიკის საათებში შესვლა შეეზღუდათ. ამ სახის მუშაობას მომავალ წელს გავაგრძელებთ. დამატებითი რეგულაციებით ქუჩების განტვირთვა ხდება. გრძელდება „ჭკვიანი შუქნიშნების“ ერთიანი მართვის სისტემაში სულ უფრო მეტი კვანძის ჩართვა, ამ თვალსაზრისით სამუშაოებს წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე.