Samsung Georgia, Galaxy Note 7-ის ხარვეზთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში განმარტავენ, Galaxy Note 7-თან დაკავშირებული შემთხვევების გამო, შემოწმება ჩატარდა და ბატარეის ნაწილის ხარვეზი აღმოაჩნდა.

"როგორც მოგეხსენებათ, სამსუნგი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ინფორმაცია ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი გვაწვდის, არის უმნიშვნელოვანესი. უკანასკნელ პერიოდში, ახალ Galaxy Note 7-თან დაკავშირებული შემთხვევების გამო, ჩატარდა შემოწმება და აღმოჩნდა ბატარეის ნაწილის ხარვეზი.

დღევანდელი მდგომარეობით, გლობალურად, დაფიქსირებულია 35 შემთხვევა და ჩვენს მომწოდებლებთან ერთად მიმდინარეობს შემოწმება, რათა დადგინდეს შესაძლო ხარვეზიანი ბატარეების არსებობა იმ ქვეყნებში, სადაც Galaxy Note 7-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.

გაცნობებთ, რომ საქართველოში Galaxy Note 7-ის გაყიდვები არ დაწყებულა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მომხმარებლის უსაფრთხოება არის აბსოლუტური პრიორიტეტი, დროებით ვაჩერებთ წინასწარი შეკვეთების კამპანიას.

იმ მომხმარებლების საყურადღებოდ, ვინც უკვე გააკეთა Galaxy Note 7-ის წინასწარი შეკვეთა გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის მაღაზიას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინასწარი შეკვეთების დროებითმა შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამსუნგის ერთგული მომხმარებლის უკმაყოფილება, მაგრამ ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მოწოდება," -  ნათქვამია Samsung Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.