ტერეზა მეი - გაერთიანებულ სამეფოს რთული პერიოდის გავლა მოუწევს

ევროკავშირის დატოვების პროცესებიდან გამომდინარე გაერთიანებულ სამეფოს რთული პერიოდის გავლა მოუწევს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „ბიბისი“-სთან საუბარში განაცხადა.

„ვფიქრობ, ქვეყანა სირთულეებისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგენ „ბრექსიტით“ გამოწვეული ეკონომიკური ზარალი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას სხვები წინასწარმეტყველებდნენ“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა.

ტერეზა მეიმ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ლისაბონის შეთანხმების 50-ე სტატიის ამოქმედების ინიციატივით 2017 წელზე ადრე არ გამოვა, რომელიც ევროკავშირის დატოვების პროცესის ამოქმედებას გულისხმობს, თუმცა ამ საკითხის გაჭიანურებას არ გეგმავს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაური პირველ დიდ სატელევიზიო ინტერვიუში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სტაბილურობა ესაჭიროება.

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მეიმ განმარტა, რომ რეფერენდუმიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების ის სახე არ მოსწონდა, რაც ამ დრომდე მოქმედებდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის დატოვებას წარმატებით და უმტკივნეულოდ მოახერხებს.