დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება

თბილისში დღეს საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას საქართველოს მხრიდან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი ხელმძღვანელობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასზე ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები იხილება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრის ევალდას გუსტასის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც მოხსენებები დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევალდას გუსტასმა გააკეთეს.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

მისი თქმით, შარშან ლიტვასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გაიზარდა, საერთო სავაჭრო ბრუნვამ კი თითქმის 79 მილიონ დოლარს მიაღწია. დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლისათვის ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი ასევე დადებითად შეაფასა.

„შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ სავაჭრო ბრუნვა კიდევ გაიზარდოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს ორივე ქვეყანაში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და აღნიშნა, რომ ზრდის კარგი ტენდენციები არსებობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის პერსპექტივებზე აგროსექტორის მიმართულებით.

მისი განცხადებით, თავის დროზე, ლიტვამ საკუთარი აგროსექტორის სინქრონიზაცია და ადაპტაცია ევროპული რეგულაციების შესაბამისად მოახდინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოც ამ გზას გადის და ევროპულ კანონმდებლობასთან საკუთარი ნორმატიული ბაზის სინქრონიზაცია უწევს. ამდენად, მისი თქმით, ლიტვის გამოცდილების გაცნობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

კომისიის სხდომაზე მხარეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურის, მეცნიერების, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ჯანდაცვის და სხვა საკითხები განიხილეს. ასევე საუბარი წარიმართა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით უწევს.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევალდას გუსტასმა, როგორც საქართველო - ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა, ხელი მოაწერეს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გაიწერა.